ნინო წილოსანი: „ქართული ოცნების“ არჩევით ქართველი ხალხი იმ დაპირების შესრულებას მიიღებს, რაც „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას გულისხმობს

“ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ყველა პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშიდან ხელოვნურად არის გამოსული, მაგრამ რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცეს, იქნება ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, “ნაცმოძრაობის” გასამართლება სახალხო პროცესი უნდა იყოს.

“როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, პროცესი შეიძლება დაიყოს და იყოს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე პროკურატურაში შეტანილი სარჩელი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოაშკარავდეს მათი ყველა მავნებლური მოქმედება, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნისას აკეთებდნენ. ეს სახალხო პროცესი უნდა იყოს. მოსახლეობამ უნდა მიიღოს პასუხი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდება. სწორედ ჩვენ მიერ გაცემული დაპირების შესრულებაა დემოკრატიის ნაწილი. გაცხადებულად ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ არჩევით ქართველი ხალხი იმ დაპირების შესრულებას მიიღებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას გულისხმობს. „ქართული ოცნება“ ზუსტადაც ამ დაპირების შესასრულებლად მოვა და ეს იქნება დემოკრატიის ნაწილი. ნუ შეეცდებით, სხვაგვარად გადათარგმნოთ.

რაც შეეხება საკითხს,  პარლამენტში ერთი თუ ორი პოლიტიკური პარტია იქნება, გაეცანით პრაქტიკას, რომელიც უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებობს, რაც არც ქვეყნის შიდა და არც გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა. ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ამას აღშფოთება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები