გივი მიქანაძე: რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის სფეროა მმართველი გუნდის საქმიანობა, ოპოზიცია მათ ინტერესში არ შედის
მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე „თავისუფლების მოედნის“ წევრების „ლელოში“ გაწევრიანებას გამოეხმაურა.
„რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ახლო წარსულში გამოაქვეყნეს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, ამ ფაქტზე ყურადღებას არ ამახვილებს. მათთვის მთავარი ინტერესის სფეროა მმართველი გუნდის საქმიანობა, ხოლო ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი რა ღონისძიებებს ახორციელებს და როგორ იშლება კვალი კონკრეტულ შემთხვევაში, ეს მათ ინტერესში არ შედის. შეგახსენებთ, 2020-2021 წელს პარტიის სახელით ჩატარებულ კვლევებს, როდესაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებულები დარეგისტრირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ. ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიით და შემდგომში გამოვავლინეთ არაერთი სუბიექტი – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული პოლიტიკურ სუბიექტებთან“, – განაცხადა მიქანაძემ.