კამალა ჰარისი – “ახლა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დროა”

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მან მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, “ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს, რათა ღაზაში მებრძოლების მიერ დაკავებული ათობით მძევალი სახლში დაბრუნდეს.

ჰარისმა აღნიშნა, რომ მას გულწრფელი საუბარი ჰქონდა ნეთანიაჰუსთან. მან დაადასტურა ისრაელის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ასევე ღაზაში ომის დროს დაღუპულთა მაღალი რაოდენობის და იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა.

“ის, რაც ხდება ღაზაში, დამღუპველია. ჩვენ არ შეგვიძლია თვალი ავარიდოთ გარდაცვლილ ბავშვებსა და სასოწარკვეთილ, მშიერ ადამიანებს, რომლებიც გარბიან უსაფრთხოებისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს უფლება, გავჩუმდეთ”, – განაცხადა ჰარისმა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის და პრეზიდენტი ბაიდენი მუშაობენ ომის დასასრულებლად.

“მე და პრეზიდენტი ბაიდენი ვმუშაობთ, რომ ეს ომი დასრულდეს, რადგან ახლა არის მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის დრო. ვმუშაობთ, რომ ისრაელის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, მძევლები გათავისუფლებული, ღაზაში ტანჯვა დასრულებული და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს ღირსეული ცხოვრების, უსაფრთხოების, თავისუფლების და თვითგამორკვევის უფლებების განხორციელება“,- აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ასევე, კამალა ჰარისი უკრაინას მტკიცე მხარდაჭერას დაჰპირდა და ხაზი გაუსვა, რომ მტკიცედ იდგება უკრაინის და ნატოში მათი მოკავშირეების მხარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები