გივი მიქანაძე: ბუნებაში არცერთი არგუმენტი არ არსებობს, რომელიც გამჭვირვალობის და ანგარიშგების წინააღმდეგაა
„მოლოდინი ცალსახაა, ბუნებაში არცერთი არგუმენტი არ არსებობს, რომელიც გამჭვირვალობის და ანგარიშგების წინააღმდეგაა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების 98% გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
“ამ ადამიანებს თუ რაიმე სათქმელი და არგუმენტი ჰქონდათ, ორი თვის განმავლობაში, კანონის განხილვისას საშუალება იყო, რომ ეს არგუმენტები წარედგინათ. დავინახეთ, რომ მათი ქმედებები ემსახურებოდა დროის გაწელვას. მათ რა სიახლე უნდა წარადგინონ? ამ პროცესისგან სამართლიან განხილვას ველოდებით, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ქვეყანას სჭირდება სამართლიანი განხილვა და გამჭვირვალობა. ეს სექტორი გამჭვირვალე რომ არ არის, ამის დასტური იყო ის კვლევა, რომელიც გავაკეთეთ და ვნახეთ, რომ თითზე ჩამოსათვლელია ის ორგანიზაციები, რომლებიც მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებენ. ორგანიზაციების 98% მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებდა“,- განაცხადა მიქანაძემ.