“მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელი თეიმურაზის გარდაცვალების გამო” – საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
“მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში.
მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელი თეიმურაზის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სასულიერო დასს, მრევლს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი თეიმურაზი”, – წერია სამძიმრის წერილში.