გიორგი მარგველაშვილი თურქეთში BSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს, ვიქტორ ტვირჩუნს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველომ ამ ორგანიზიაციაში თავისი როლი გაზარდოს.
“საუბარი შეეხო, უპირველეს ყოვლისა, ამ რეგიონული ორგანიზაციის როლის გაძლიერებას ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ საქართველოს როლზე BSEC-ში და იმაზე, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საქართველომ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირთან BSEC-ის თანამშრომლობის საკითხებს, აგრეთვე იმასაც, რა შესაძლებლობებს აძლევს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას მისი რამდენიმე წევრის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა”, – განაცხადა დავით პატარაიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში დღეს დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში, რომელიც სტამბოლში 28-29 სექტემბერს იმართება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება, თემაზე “ევროკავშირი, სამეზობლო და მის ფარგლებს მიღმა”. ქვეყნის პირველი პირი, ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან და ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტთან.