„არუა“ კურსკის რეგიონიდან დევნილებს ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებას სთავაზობს
დე-ფაქტო აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუა“ კურსკის რეგიონიდან დევნილებს ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებას სთავაზობს.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ორგანიზაცია თვითაღიარებულ ხელისუფლებას მიმართავს.
„კურსკის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან და უკრაინის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთავაზობთ ქვეყნის ხელისუფლებას, დაუკავშირდეს კურსკის ოლქის გუბერნატორს აფხაზეთში, კურსკის რეგიონის დაზარალებული ტერიტორიებიდან რუსეთის მოქალაქეების განთავსების წინადადებით.
ბევრი ჩვენგანი მზადაა, ლტოლვილები საკუთარ სახლებში შეიყვანოს“, – ნათქვამია “არუას” უმაღლესი საბჭოს მიმართვაში.
ვეტერანთა ორგანიზაციის წევრები ასევე მზად არიან, შეაგროვონ ჰუმანიტარული დახმარება კურსკის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის.
თვითაღიარებული ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას “არუას” ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.