დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ირანი დღეს აღარ ჰგავს სანქციებით კუთხეში მიმწყვდეულ სახელმწიფოს და თუ დასავლეთში რამდენიმე წლის წინ განიხილავდნენ, როგორ გაეძლიერებინათ ზეწოლა ირანზე, დღეს განიხილება, რა პირობებით უნდა შედგეს შეთანხმება თეირანთან.

„შვეიცარიაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩაშლა ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ეპიზოდად იქცა. არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მორიგი მკაცრი განცხადებების შემდეგ ირანის დელეგაციამ სრულფასოვან დიალოგზე უარი თქვა და მოლაპარაკებების ადგილი დემონსტრაციულად დატოვა, რის შედეგადაც შუამავლები – პაკისტანი და კატარი, უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამ მოვლენაში პროტოკოლურ დეტალებზე უფრო მნიშვნელოვანი თავად სიმბოლიზმი იყო: ვაშინგტონი კვლავ ძალის პოზიციიდან საუბარს ცდილობდა, ხოლო თეირანმა აჩვენა, რომ მისთვის ერთპიროვნული კარნახის ეპოქა დასრულებულია.

ამერიკული მხარისთვის ყველაზე მტკივნეული არა თავად მოლაპარაკებების დროებითი შეჩერება, არამედ ის აღმოჩნდა, რომ ირანი დღეს აღარ ჰგავს სანქციებით კუთხეში მიმწყვდეულ სახელმწიფოს. მრავალწლიანი ზეწოლის მიუხედავად, მან გააძლიერა კავშირები ჩინეთთან, რუსეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და გლობალური სამხრეთის მნიშვნელოვან ნაწილთან. ამიტომ ირანული დელეგაციის დემონსტრაციული გასვლა უფრო თავდაჯერებულობის გამოვლინებად აღიქმებოდა, ვიდრე ემოციურ დიპლომატიურ რეაქციად. მეტიც, შექმნილი შთაბეჭდილებით, მოლაპარაკებების პროცესის გადარჩენა სწორედ შუამავლებს მოუხდათ და არა ირანისთვის რაიმე დათმობების მოპოვება.

ამასთან, პროცესის სრულ კრახზე საუბარი ნაადრევია. არც ვაშინგტონია დაინტერესებული პირდაპირი კონფრონტაციის განახლებით და არც თეირანი. აშშ-ს სჭირდება საგარეოპოლიტიკური შედეგის დემონსტრირება როგორც შიდა პოლიტიკური პროცესების, ისე ამერიკის სახელმწიფოებრიობის 250 წლის იუბილეს ფონზე. თავის მხრივ, ირანი დაინტერესებულია დარჩენილი შეზღუდვების საბოლოო მოხსნითა და ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. სწორედ ამიტომ, ხმაურიანი დემარშების მიუხედავად, ყველაზე რეალისტური სცენარი კულისებს მიღმა კონსულტაციების გაგრძელება და კომპრომისული ფორმულის ძიებაა.

დღევანდელი ვითარების მთავარი დასკვნა კი შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თავად მოლაპარაკებების ბედი. თუ რამდენიმე წლის წინ დასავლეთში განიხილავდნენ, როგორ გაეძლიერებინათ ზეწოლა ირანზე, დღეს უკვე განიხილება, რა პირობებით უნდა შედგეს შეთანხმება თეირანთან. ეს კი ნიშნავს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული ეს დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს. ამასობაში კი და პარალელურად, არც საფეხბურთო მოედანზე აგებს თეირანი – ამჯერად ბრიუსელთან (ირანმა ბელგიასთან ფრედ ითამაშა)…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები