წინასწარი შეფასებით, ირანის ომი პენტაგონს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა
ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი აშშ-ის თავდაცვის უწყებას, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
ამის შესახებ CNN სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება პენტაგონის მიერ ადრე დასახელებულ ოფიციალურ შეფასებებს.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ სამხედრო ოპერაციების ღირებულება დაახლოებით 25-29 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ეს მონაცემები არ მოიცავდა სამხედრო ბაზების აღდგენასა და დაზიანებული ტექნიკის ჩანაცვლებას.
CNN-ის ინფორმაციით, CSIS-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ომის რეალური ღირებულება უფრო მაღალია და ხარჯების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.
ამასთან, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა კონგრესს დამატებითი დაფინანსების მოთხოვნით მიმართა, რადგან ირანის ომთან დაკავშირებული და სხვა ხარჯების დასაფარად დამატებით მილიარდობით დოლარი სჭირდება.