2026 წლის გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შესაძლებელია
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 22 ივნისის 10:00 საათიდან შეუძლიათ.
ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“2026 წლის გამოსაცდელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს, რომ გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა.
საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ რვანიშნა კოდს და შედის იმ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის:
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე მითითებულია შესაბამისი ინფორმაცია, აუცილებელია მან წარადგინოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი) 11 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის ქუჩა №9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეუძლებელი იქნება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.