ევროკავშირი მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარებს
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის ოფიციალური შედეგები , რომელიც გამოქვეყნდა ქვეყნის ეროვნული საარჩევნო საბჭოს (CNE) მიერ, არ შეიძლება იყოს სანდო – ეს არის ევროკავშირის პოზიცია ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის სახელით აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს შეუსაბამობა ვენესუელაში ხმის მიცემის ორგანიზებაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
მათი ინფორმაციით ვენესუელის საარჩევნო კომისიას ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია ოქმები საარჩევნო უბნებიდან, რომელიც დაადასტურებდა არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვებას. ამავდროულად, ქვეყნის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ უკვე გამოაცხადა ქვეყნის მმართველი ხელახლა არჩეულ ლიდერად.
“ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო კენჭისყრის ჩანაწერების ასლები, რომლებიც განიხილება რამდენიმე დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მიუთითებს იმაზე, რომ ედმუნდო გონსალეს ურრუტია საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვანი უმრავლესობით გამარჯვებული იქნებოდა.
ამრიგად, ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს საარჩევნო ჩანაწერების გადამოწმებისკენ, თუ ეს შესაძლებელია, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი სუბიექტის მიერ.
ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებული თვითნებური დაკავებების მზარდი რაოდენობის და ოპოზიციის მუდმივი შევიწროების გამო. ევროკავშირი მოუწოდებს ვენესუელის ხელისუფლებას, შეწყვიტოს თვითნებური დაკავებები, რეპრესიები და ძალადობრივი რიტორიკა ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
ევროკავშირი მიესალმება რეგიონული პარტნიორების ძალისხმევას, რომლებთანაც იგი მჭიდრო კავშირშია, ხელი შეუწყოს დიალოგის და კრიზისის მოლაპარაკებების გზით გადაჭრას.
ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემა რჩება ერთადერთ გზად ვენესუელასთვის დემოკრატიის აღდგენისა და არსებული ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად”, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.