არეულობის გამო, ბრიტანეთში საგანგებო სხდომა გაიმართება
დიდ ბრიტანეთში, არეულობის მეექვსე დღეს, COBRA-ს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დღეს შეხვედრაში ჩართული იქნებიან მინისტრები და პოლიციის წარმომადგენლები. ისინი განიხილავენ იმ ზომებს, რომლის გატარებაც იგეგმება ქვეყნის ქუჩებში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ბრიტანეთის პრემიერმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ არეულობაში მონაწილე ყველა პირი პასუხს აგებს.
პირობას ვდებ, რომ მეამბოხეები ინანებენ ულტრამემარჯვენე ყაჩაღობაში ჩართვას და პირობას ვდებ, რომ არეულობაში მონაწილე პირები კანონის მთელი ძალით დაისჯებიან,- განაცხადა კირ სტარმერმა.
შეგახსენებთ, არეულობა დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ საუთპორტში 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს და ადგილობრივ მეჩეთზე თავდასხმა სცადეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი უელსში დაბადებული რუანდელი ემიგრანტების შვილია. მას განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს.