ჩილეში, წყალდიდობის შედეგად, დაიღუპა სამი და დაიკარგა ცხრამეტი ადამიანი
ჩილეში წყალდიდობას ებრძვიან. ამ დროისთვის დაღუპულია სამი, ხოლო დაკარგულად ითვლება ცხრამეტი ადამიანი. მოსახლეობის ევაკუაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს ძლიერი ციკლონი დაატყდა. გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები. მოვარდნილმა წყალმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია. წყალდიდობის საფრთხეა ქვეყნის დედაქალაქშიც.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მილიონზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება სასმელი წყალი.
„გადაუდებელი დახმარების ჯგუფები ადგილზე მუშაობენ, რათა დაუკავშირდნენ იზოლირებულ პირებს და აღადგინონ წყალმომარაგება, სადაც ეს შესაძლებელი იქნება“,- წერს ჩილეს პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი Twitter-ზე.