აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოლეგ ბარციცმა, აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელმა რუსეთში განაცხადა, რომ აპირებს 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ტელეგრამის რამდენიმე არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბარციცის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.

გავრცელებული ცნობით, რეალური მიზეზი არათუ მისი პრეზიდენტობის სურვილი, არამედ “აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის” მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იყო.

ცოტა ხნის წინ, ოლეგ ბარციცმა იუთუბის არხზე “Bitiy Chas”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა ეს კანონპროექტი, რომელსაც ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია უჭერს მხარს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოლეგ ბარციცსა და ასლან ბჟანიას შორის დაძაბულობა წლების წინ დაიწყო და ახლა, როდესაც ოლეგ ბარციცმა გააკრიტიკა “აპარტამენტების კანონპროექტი” და შემდეგ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ გასაკვირი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები