ეთიოპიაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 257-მდე გაიზარდა

სამხრეთ ეთიოპიაში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა და შესაძლოა 500-მდეც კი გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეწყერი გოფას ზონაში ძლიერი წვიმის შედეგად ორჯერ, 21 ივლისის საღამოსა და 22 ივლისის დილას, ჩამოწვა.

აღნიშნული სტიქია ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ეთიოპიაში, აფრიკის მეორე ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში.

„ეს ადამიანები კვლავ მიწის ჩამოშლის მაღალი რისკის ქვეშ არიან და მათი დაუყოვნებლივ უსაფრთხო ზონებში ევაკუაციაა საჭირო. მათ შორის არის 5 წლამდე ასაკის სულ მცირე 1 320 ბავშვი და 5 293 ორსული და მეძუძური ქალი“, – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულმა სააგენტომ OCHA-მ.

გაეროს სააგენტოს ცნობით, მთავრობა ევაკუაციის გეგმას ამზადებს.

მეწყერში მოყოლილი ადამიანების ძებნა-შველის ოპერაციებში ადგილობრივები და მოხალისეები არიან ჩართულები.

გეოლოგიური კვლევების თანახმად, ეთიოპიაში მეწყერი წვიმების სეზონზე ჩნდება. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის სამხრეთ რეგიონში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ბოლო თვეებში ათასობით ადამიანის გადასახლება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები