დ.ბ. კუპერის გაუხსნელი საქმე – ყველაზე გახმაურებული გამოძიება FBI-ს ისტორიაში

დ.ბ. კუპერი არის უცნობი მამაკაცი, რომელმაც 1971 წლის 24 ნოემბერს გაიტაცა თვითმფრინავი Boeing 727. მან, გამოსასყიდის სახით, მოითხოვა $200,000, პარაშუტით გადახტა თვითმფრინავიდან და უკვალოდ გაუჩინარდა. FBI-მ თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და მასშტაბური გამოძიება ჩაატარა, მაგრამ კუპერის ნამდვილი ვინაობა და ადგილსამყოფელი ვერ გაარკვია.

მოკლედ, 1971 წლის 24 ნოემბრის ნაშუადღევს, ადამიანმა, რომელსაც დენ კუპერი ერქვა, იყიდა ცალმხრივი ბილეთი Northwest Orient Airlines-ის რეისზე – ორეგონი-სიეტლი. აფრენიდან მალევე მან ბორტგამცილებელს ჩანაწერი გადასცა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ პორტფელში ბომბი ჰქონდა. შემდეგ კუპერმა ქალს პორტფელის შიგთავსიც აჩვენა, რომელიც ნამდვილად ბომბი უნდა ყოფილიყო.

მამაკაცმა 200 000 დოლარი ნაღდი ფული, ოთხი პარაშუტი და საწვავი მოითხოვა, რომლითაც სიეტლში თვითმფრინავის ავზი დაშვებისთანავე უნდა შეევსოთ. ავიაკომპანიამ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები და თვითმფრინავი სიეტლში დაეშვა. მგზავრები ფულსა და პარაშუტებში გაცვალეს, თვითმფრინავი კი, კვლავ აფრინდა და კუპერის მითითებისამებრ, მეხიკოსკენ აიღო გეზი.

დაახლოებით, საღამოს 8:00 საათზე, სადღაც სამხრეთ-დასავლეთ ვაშინგტონში, კუპერი თვითმფრინავიდან ფულითა და პარაშუტით გადახტა.

ფართო ჩხრეკისა და გამოძიების მიუხედავად, დამაჯერებელი მტკიცებულებები ან ცხედარი ვერავინ იპოვა.  FBI-ს მიერ წამოწყებულმა მასობრივმა ჩხრეკამ, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიცვა, მაგრამ კუპერი, თითქოს, მიწამ ჩაყლაპა.

წლების განმავლობაში, FBI-მ მრავალი ეჭვმიტანილი გამოიძია. 1980 წელს ახალგაზრდა ბიჭმა დამპალი პაკეტი აღმოაჩინა, 5800$ ნაღდი ფულით, რომლის სერიული ნომრები კუპერისთვის გადაცემული ფულის ნომრებს ემთხვეოდა, თუმცა ამ აღმოჩენას საქმეში რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანია.

კუპერის ბედთან დაკავშირებით, რამდენიმე თეორია შეითხზა. ზოგი თვლის, რომ ის ვერ გადაურჩა ნახტომს, ზოგი კი, ვარაუდობს, რომ გადარჩენაც მოახერხა, სასჯელის თავიდან აცილებაც და ბედნიერი ცხოვრებაც. ამ დროის განმავლობაში, კუპერის ნამდვილი ვინაობა არაერთ ადამიანს დაუკავშირეს, მაგრამ, საბოლოოდ, არცერთი ვერსია არ დადასტურდა.

დ.ბ. კუპერთან დაკავშირებულმა იდუმალებამ საზოგადოების წარმოსახვა დაიპყრო და კაცმა რომ თქვას, გაუხსნელი საქმეების კულტურულ ხატადაც იქცა. 2016 წლის ივლისში FBI-მ გამოძიება ოფიციალურად დახურა იმ მოტივით, რომ რესურსების გამოყოფა უფრო აქტუალურ საქმეებზე იყო საჭირო. ამის მიუხედავად, მოყვარულები და ენთუზიასტები დღესაც აგრძელებენ სამხილების ძიებას იმ იმედით, რომ ერთ დღეს დ.ბ. კუპერის თავსატეხს ამოხსნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები