გოგი მეშველიანი დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო

დაბა კაზრეთში, 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი საპარლამენტო ზედამხედველობის უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან და დაბის მაჟორიტარ, გია ბასილაშვილთან ერთად, გაეცნო.

„არსებულ საბავშვო ბაღში, შენობის ავარიულობის გამო აღმზრდელობითი პროცესი შეჩერებულია. რადგან შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო.

ადგილზე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაო პროცესში საჭირო გახდა ძველი საკანალიზაციო მილისა და სასმელი წყლის არსებული სისტემის გადატანა, რასაც თან დაერთო უამინდობა, რამაც გამოიწვია სამუშაოების გარკვეული შეფერხება, თუმცა ამ ეტაპზე ეს გამოწვევები აღმოფხვრილია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მშენებლობას აწარმოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც დაბაში გვექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი“, – აღნიშნა გოგი მეშველიანმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები