ადამიანი, რომელმაც ყველა გამოწვევაზე გაიმარჯვა – შთამაგონებელი ჰელენ კელერის ისტორია

ჰელენ კელერი იმედისა და გამძლეობის სიმბოლოა. მცირე ასაკში მხედველობისა და სმენის დაკარგვის მიუხედავად, მან გადალახა უდიდესი გამოწვევები და ცნობილი ავტორი, აქტივისტი და ლექტორი გახდა.

ჰელენ ადამს კელერი დაიბადა 1880 წლის 27 ივნისს ტუსკუმბიაში, ალაბამაში. 19 თვის ასაკში მას დაემართა დაავადება, სავარაუდოდ, სკარლეტის ცხელება ან მენინგიტი, რამაც გოგონას სმენა და მხედველობა წაართვა. ამ უეცარმა შემთხვევამ ის სიბნელისა და დუმილის სამყაროში ჩააგდო, რასაც შემდგომ იმედგაცრუება და იზოლაცია მოჰყვა.

ჰელენის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა შვიდი წლის ასაკში, როდესაც მასთან სამუშაოდ ანა სალივანი, 20 წლის მასწავლებელი მოვიდა. ანა, ნაწილობრივ, თავადაც მხედველობადაქვეითებული იყო და ჰელენთან საკომუნიკაციოდ ინოვაციურ ტექნიკას იყენებდა. ის სიტყვებს ბავშვის ხელზე წერდა. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ანამ ჰელენის ხელზე სიტყვა „w-a-t-e-r“ (წყალი) დაწერა და ამავდროულად, ხელზე წყალი დაასხა. ჰელენმა ეს შეგრძნება სიტყვასთან დააკავშირა, რისი წყალობითაც, მისთვის კომუნიკაციისა და შემეცნების ახალი სამყარო გაიხსნა.

ანას დახმარებით, ჰელენმა ბრაილის შრიფტით წერა-კითხვა ისწავლა, მოგვიანებით კი, ლაპარაკიც. ის აგრძელებდა განათლების მიღებას პერკინსის უსინათლოთა ინსტიტუტში და ჰორას მანის სმენადაქვეითებულთა სკოლაში.

1900 წელს ჰელენი რედკლიფის კოლეჯში ჩაირიცხა და გახდა სმენისა და მხედველობის არმქონე პირველი ადამიანი, რომელმაც 1904 წელს ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. კოლეჯში სწავლის პერიოდში მან დაწერა თავისი ავტობიოგრაფია – The Story of My Life – რომელმაც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შთააგონა.

ჰელენ კელერმა სიცოცხლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვას მიუძღვნა. ის იყო ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის დამფუძნებელი წევრი და დაუღალავად მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის, განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშესაწყობად.

გარდა ამისა, ის იყო გამოჩენილი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც ქალთა ხმის უფლებას, შრომით უფლებებსა და სოციალიზმს ემხრობოდა. ჰელენი ბევრს მოგზაურობდა, კითხულობდა ლექციებს და ამაღლებდა ცნობიერებას შშმ პირების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

ჰელენ კელერის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა საზოგადოებაში. მან მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი 1964 წელს. მისმა ძალისხმევამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკურნალობასა და განათლებაში მნიშვნელოვანი წინსვლა განაპირობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები