ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალისა და მისი მინისტრთა კაბინეტის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა.
ახალი მთავრობის დანიშვნამდე ატალი და სხვა მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან, ხოლო შემდეგ გაბრიელ ატალი ახალ ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატის რანგში განაგრძობს მუშაობას.
„იმისათვის, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რესპუბლიკის პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ და შექმნან ერთიანი ფრონტი იმ პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერესებში იქნება“, – აღნიშნულია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თანამდებობის დატოვების თხოვნით 8 ივლისს მიმართა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულმა ბლოკმა მეორე ადგილი დაიკავა და ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა დაკარგა.