„ის 70“ – ირაკლი სუთიძის გამოფენა გაიმართება
„ის 70“ – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ირაკლი სუთიძის გამოფენა გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, გამოფენა „ის 70“ წარმოადგენს ირაკლი სუთიძის საიუბილეო და რეტროსპექტულ თხრობას. ექსპოზიცია ეძღვნება მხატვრის 70-ე დაბადების დღეს, რომელსაც ის ვეღარ მოესწრო.
ირაკლი სუთიძე 2024 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა. მას 70 წელი შეუსრულდებოდა.
„გამოფენის მიზანია, ახლებურად წავიკითხოთ და აღვიქვათ მხატვრის შემოქმედება თუ მისი მნიშვნელობა ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში. ინიციალი „ის“, სუთიძის ფერწერული ტილოების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ამ შემთხვევაში სიტყვამ სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და მხატვრის პიროვნული განზოგადება მოახდინა. ინიციალის და პირის ნაცვალსახელის თანხვედრით „ის“ თითქოს გარდაიქმნა უნივერსალურ მოვლენად. ამ კონცეპტუალურმა მიგნებამ შექმნა სუთიძის მოკრძალებული და თვითმყოფადი პორტრეტი.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის გრაფიკულ-ფერწერული ნამუშევრები ირაკლი სუთიძის ოჯახის, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის თუ კერძო კოლექციებიდან. ეს ქვეთავები გაერთიანებულია თემატური, ქრონოლოგიური და სტილური ნიშნებით. საგამოფენო ქსოვილში ასევე მნიშვნელოვანია მხატვრის ხატოვანი სამყაროს გაშლა მიზანსცენურად. მისი ყოველდღიური და განუყოფელი ნივთები, რაც განაპირობებდა სუთიძის სამყაროს, გაცოცხლდება. კიდობანი, მხატვრის ხელით ნაკეთი უნაგირები, წერილები, ფოტომასალა და სხვა – სწორედ მისი პირადი ნივთებით გახდება ხელშესახები ირაკლი სუთიძის ანტურაჟი, რომელშიც ის ცხოვრობდა.
ირაკლი სუთიძე მიეკუთვნება 1980-იანელთა თაობას და ამ თაობის წარმომადგენელ მხატვართა მსგავსად, იგი პოეტურად უკუაგდებს ქართულ რეალობას, ურბანულ და სოციალურ ყოფით სცენებს. ხელოვანი რამდენადმე იკარგება და ჩერდება დროში, სადაც ფრაგმენტულად და განზოგადებულად ცდილობს მსოფლიო კულტურული კოდების, გმირების, სიმბოლოების გადააზრებას. რბილი ფერადოვნება, უტრირებული სხეულები, ცივილიზაციის ეტაპობრივი მიღწევები და საკრალურ-მითოლოგიური ნიშნები, ხელოვანის სახვით ენას მედიტაციურ და განყენებულ პლასტში წარმოაჩენს, სადაც რთულია რეალისტური ფიგურების ურთიერთმიმართება დროსთან, კულტურულ ველთან თუ ეთნოსთან. მხატვარი ამგვარი განწყობით ცდილობს უახლესი – 1990-იანი წლების ბუნდოვანი ქართული ისტორიის განმუხტვას, შემსუბუქებას. ირაკლი სუთიძის მხატვრული სამყაროს უნიკალურობა მისი ფერწერის სხივოსნობაშია, რომელსაც მხატვარი ზეთის საღებავის გამჭვირვალე ფენების ურთიერთქმედებით და მის მიერვე გამოგონილი ფერთა სინათლით, ასევე უნიკალური ტექნიკით აღწევს“, – ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.