ივანე ჩხაიძე: ყივანახველას შემთხვევების მატება გრძელდება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუს პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ყივანახველას შემთხვევების მატება გრძელდება. ამასთან დაკავშირებით ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

” მატების სტატისტიკური მონაცემები დღეს არ მაქვს, მაგრამ, გიდასტურებთ, რა თქმა უნდა, ყივანახველას შემთხვევების მატება გრძელდება. ეს მართლაც განსაკუთრებულია შარშანდელთან შედარებით, შემთხვევები რამდენჯერმე მეტია.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ყივანახველაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგო ეფექტიანი სამკურნალო საშუალება არ არსებობს. არ არსებობს არცერთი მედიკამენტი , რომელიც ან ხველის ხანგრძლივობას, ან ხველის ინტენსივობას შეამცირებს. აქ ძირითადი აქცენტი ამ დაავადების დროულ დიაგნოსტიკაზეა იმ თვალსაზრისით, რომ ოჯახის ის წევრები დაიცვას, რომლებისთვის ყივანახველა, შეიძლება, მძიმე იყოს. ესაა წლამდე ასაკის ბავშვი და 65 წელს გადაცილებული ოჯახის წევრები. დიაგნოსიტიკა კლინიკურია. ამაში ვგულისხმობთ , რომ თუ ბავშვს, ან მოზრდილს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ხველა აღენიშნება, რომელიც დინამიკაში მატულობს და იღებს შეტევით, სპაზმურ ხასიათს, დამახასიათებელი ყივილის მსგავსი ხმიანობით, მაშინ ეჭვი ყივანახველაზე უნდა მივიტანოთ “- განაცხადა ჩხაიძემ.
ყივანახველას შემთხვევების მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით ჩხაიძემ ივნისში “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.
“თუ 2023 წელს, მთელი წლის განმავლობაში სულ 117 შემთხვევა იყო, წელს 11 ივნისისთვის ყივანახველას 687 შემთხვევა გვაქვს. ეს, პირველ რიგში, ჩავარდნილი ვაქცინაციის შედეგია. პანდემიის 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა, ვაქცინაციისგან თავი შეეკავებინა, პანდემიის დასრულებას ელოდნენ, ფიქრობდნენ, რომ ვაქცინაცია დამატებითი რისკია, რამაც მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. ვაქცინით მოცვის მაჩვენებელში 5 %-ის კლება უკვე ძალიან დიდი კლებაა. 5-6 % საკმარისია იმისთვის, ჩაითვალოს, რომ ათასობით ბავშვი ვაქცინის გარეშე დარჩა. ზუსტად ასე მოხდა, არა მარტო საქართველოში, ძალიან ბევრი ქვეყანა ყივანახველას შემთხვევების მკვეთრ მატებას აღნიშნავს. მატება არა მხოლოდ ბავშვებს ეხებათ, მოზრდილებშიც აღინიშნება. “რადგან ვაქცინა გამოვტოვე, შემდეგ გვიან იქნება”- რატომღაც ასე თვლიან. ასე ნამდვილად არაა. ნებისმიერი ვაქცინაციის კაბინეტი მზადაა, თქვენი შვილის ვაქცინაციის სტატუსის შესაბამისად ინდივიდუალური გეგმა შეგიდგინოთ და გამოტოვებულ ვაქცინებს დაეწიოთ. ყივანახველა არაა დაავადება, რომელიც მხოლოდ ხველით მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად სერიოზული გართულებები ახასიათებს. პირველ რიგში, მხედველობაში ფილტვების ანთება გვაქვს, ყივანახველათი გარდაცვალების შემთხვევებიც ფიქსირდება. ასე, რომ ამ დაავადებას არ უნდა შევხედოთ, როგორც მსუბუქ, ხველით მიმდინარე ინფექციას. ყივანახველას დროს ხველის ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია, 3 თვეს, შეიძლება, მეტიც გაგრძელდეს. განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გართულების ალბათობა ძალიან მაღალია.”- განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები