ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესისთვის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით წიგნები გამოიცა
ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ჩატარდა და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესი თემა იყო „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი საგამომცემლო-კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, ქართულ ენაზე გამოიცა: მ. ბერიაშვილის, გ. ლომანის, ა. პოლმანის „თავისუფალი სახელმწიფო და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგი“; გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის „რელიგიის ფილოსოფია“ – ტ. 1 და ტ. 2; მარკუს გაბრიელის „მორალური წინსვლა ბნელ დროებაში“; ვალტერ იეშკეს „სამართალი/უფლება, რელიგია და სამყაროს გამოცდილება გერმანული კლასიკური ფილოსოფიის დაძაბულობის ველში“; მ. კუმის, გ. ლომანის და ლ. ზიპის „სეკულარული სახელმწიფო VS საკრალური სახელმწიფო; ადამიანის უფლებები კულტურის კონტექსტში“; იმანუელ კანტის „ანთროპოლოგიური და პოლიტიკური ნაშრომები“; თეო კობუშის „ბუნება-კულტურა-გონება“. თითოეული გამოცემის ტირაჟი 200 ეგზემპლარია.
ამ ლიტერატურის გამოცემით ქართველი საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება გერმანული კლასიკური ფილოსოფიის საუკეთესო ნაშრომები. გარდა ამისა, განახლდება საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო წიგნადი ფონდი. ეს გამოცემები ხელს შეუწყობს ქართულ ენაზე გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის გამრავალფეროვნებას. ლიტერატურა გამოყენებული იქნება ახალი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების შემუშავებისთვის; იქცევა სავალდებულო თუ დამხმარე ლიტერატურად და ხელმისაწვდომი იქნება საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში.
კონგრესის ფარგლებში ჩატარდა კულტურული ღონისძიებებიც, კერძოდ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით შედგა პიანისტის, პროფესორ ვლადიმირ სტუპელის ვიზიტი კონგრესის მონაწილეებისა და მიწვეული სტუმრებისთვის. კონცერტი – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“ – გაიმართა 3 ოქტომბერს. პიანისტმა წარმოადგინა ფრანგულ-გერმანული პროგრამა რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებებით; ისაუბრა მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე.
ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
https://hegel-kongress.gtu.ge/ge
https://www.facebook.com/…/35th…/61562287948489/