საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კონგრესს მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლა.
„კონგრესის თემა გახლდათ „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“.
დასკვნით ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე გრიგალაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან, სტუ-ის ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესთან და ჰეგელის საზოგადოების წევრთან, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ, მამუკა ბერიაშვილთან ერთად დაესწრო.
საქართველო არის პირველი სახელმწიფო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი მსოფლიო ფორუმი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო 35-ე კონგრესის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ 2022 წლის სექტემბერში ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია) ერთხმად მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი საგამომცემლო-კულტურული ღონისძიებების ჩატარება ითავა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, კერძოდ, გამოიცა რვა წიგნი (თითო – 200 ეგზემპლარი), დაფინანსდა კულტურული ღონისძიებების პროგრამით გათვალისწინებული პიანისტ ვლადიმირ სტუპელის ვიზიტი. გამოცემები მოემსახურება საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლებას და ქართულ ენაზე სამეცნიერო ლიტერატურის სრულყოფას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები