აშშ-ის საელჩოს გამაფრთხილებელი იმეილი საკუთარ მოქალაქეებს: მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ
აშშ-ის საელჩო საქართველოში მათი ქვეყნის მოქალაქეებს გამაფრთხილებელი შინაარსის იმეილებს უგზავნის და მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.
შეტყობინებაში, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს ეხება, საელჩო აღნიშნავს, რომ „სპონტანური საპროტესტო აქციები, რომლებიც მოიცავდა ძალადობას“, წარსულშიც ყოფილა საქართველოში. შესაბამისად, მოქალაქეებს საპროტესტო ზონებისგან თავის არიდებას ურჩევენ და განსახორციელებელი მოქმედებების ჩამონათვალს უგზავნიან.
„აშშ-ის საელჩო შეახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში. დაუგეგმავი, სპონტანური საპროტესტო აქციები, რომელიც მოიცავდა ძალადობას, წარსულშიც ყოფილა საქართველოში. დიდი მასები არაპროგნოზირებადია და დაპირისპირება და ძალადობა ღონისძიების მონაწილეებს, კონტრ-დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე ადამიანების დიდ ჯგუფებთან ყოფნისას. წარსულში, საპროტესტო აქციებზე, აშშ-ის მოქალაქეები დაშავდნენ და პოლიციამ დააკავა.
განსახორციელებელი მოქმედებები:
* მოერიდეთ საპროტესტო ზონებს.
* გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ მოულოდნელად დიდი შეკრებების ან საპროტესტო აქციების მიმდებარედ აღმოჩნდით.
* აწარმოეთ ადგილობრივი მედიის მონიტორინგი ინფორმაციის განახლებისთვის.
*ინფორმირებული იყავით თქვენს გარემოცვასთან დაკავშირებით.
*იყავით თავშეკავებული“, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.