ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სტიქიით მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს

ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სტიქიით მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაჩოების ეტაპობრივი მოწყობის შედეგად, სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფს საშუალება მიეცა, შეეფასებინა ტაძრის სამხრეთ მკლავზე გადახურვის მდგომარეობა. პარალელურად დაიწყო ტაძრის დასავლეთი მხარის მინაშენთან (სტოა) ხარაჩოს აგება, რაც საშუალებას მისცემს ექსპერტებს, სრულყოფილად შეაფასონ მდგომარეობა და დაგეგმონ დაზიანებული კრამიტის საბურველის აღდგენითი სამუშაოები.
„ამასთანავე, სპეციალისტებმა შეაფასეს გალავნის შიდა მხარეს არსებული კარიბჭე-სამრეკლოსა და მის ჩრდილოეთით მდებარე საეპისკოპოსო სახლის საბურველის მდგომარეობა. დაიგეგმა კარიბჭე-სამრეკლოსთან ხარაჩოს მოწყობა, თუნუქის საბურველის მოხსნის შემდეგ კი შეფასდება და დაიგეგმება საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოები. საეპისკოპოსო სახლის დაზიანებული კრამიტის საბურველი საჭიროებს რეაბილიტაციას, რისთვისაც ხარაჩო აიგება გარე პერიმეტრზეც.
ინფორმაციისთვის: ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ მოეწყოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად ჩასატარებლად ალავერდში გაიგზავნა 1500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ალავერდის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები