დიდი ქართველი პოეტის, პაოლო იაშვილის, დაბადებიდან 130 წელი გავიდა

დიდი ქართველი პოეტის, პაოლო იაშვილის, დაბადებიდან 130 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ელვარე ნიჭის პოეტის, პაოლო იაშვილის, უკვდავ სახელს, მის წარუშლელ კვალს უმდიდრეს ქართულ პოეზიაში.
პაოლო იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში, შეძლებული აზნაურის ოჯახში. მისი სახელი, უწინარესად, პოეტის ტრაგიკულ ბედთან ასოცირდება, თუმცა, ბავშვობა და სიჭაბუკე სრულიად სხვაგვარი ჰქონდა. დედა, ბაბილინე მდივანი, ღრმად მორწმუნე იყო, მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) იაშვილი – კიევში განსწავლული პროვიზორი; ოჯახი მრავალშვილიანი იყო: პაოლოს ოთხი ძმა და ერთი და ჰყავდა. ექვსი წლის ასაკში პაოლო იაშვილი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც ტიციან ტაბიძესა და ვალერიან გაფრინდაშვილთან ერთად სწავლობდა. შემდეგ მან ანაპის კერძო გიმნაზიაში განაგრძო სწავლა. პაოლო იაშვილი თავდაპირველად, ხატვით იყო გატაცებული, თუმცა, ლექსებსაც წერდა და ჯერ გაზეთ „კოლხიდაში“, შემდეგ კი საკუთარი რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალში, „ოქროს ვერძში“, აქვეყნებდა თავის შემოქმედებას. პაოლო იაშვილი 1913 წელს პარიზის ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში გაემგზავრა, სადაც სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებას გაეცნო და პოეზიამ ფერწერა საბოლოოდ დაავიწყა. 1915 წელს იგი ქუთაისში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება სალიტერატურო ცხოვრებაში. მან თანამოაზრე პოეტებთან ერთად დააარსა „ცისფერი ყანწების“ ორდენი და ამავე სახელწოდების ალმანახსაც რედაქტორობდა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იაშვილების ოჯახის ბედი ტრაგიკულად შეიცვალა. პაოლო იაშვილის ერთი ძმა 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო დახვრიტეს, მეორე კი მოგვიანებით გადაასახლეს. თავად პოეტი გარეგნულად თითქოს შეეგუა ახალ რეალობას, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებისათვის მისი შემოქმედებითი თუ პიროვნული თავისუფლება მიუღებელი აღმოჩნდა. 30-იან წლებში ეს მიუღებლობა უკიდურესად გამძაფრდა. პაოლო იაშვილს ხშირად იბარებდნენ დაკითხვებზე, ახლოვდებოდა ავბედითი „37“. პოეტმა 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლის შენობაში თავი მოიკლა. მრავლისმთქმელი იყო ამ ტრაგიკული ფაქტის მიხეილ ჯავახიშვილისეული აღქმა: „ყველას გვაჯობა“, გურამ ასათიანმა კი პოეტის თვითმკვლელობა ასე შეაფასა: „არა მხოლოდ ელვარე ნიჭის გამო, მე პაოლო იაშვილი იმ საბედისწერო გასროლისთვისაც მიყვარს, რადგან მისი ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა სიცოცხლეს აზრი მისცა“…
საბჭოთა ხელისუფლების პირობებში თვითმკვლელობამ პაოლო იაშვილის შემოქმედებითი ბედიც გაართულა. პოეტის სახელის ხსენებაც კი აკრძალეს და მხოლოდ 1955 წელს მოხერხდა პაოლოს ლექსების გამოცემა.
პაოლო იაშვილის ლიტერატურულ მემკვიდრეობას უბედობა ჩვენს დროშიც გამოჰყვა. ორიოდე წლის წინ გარკვეულმა ჯგუფებმა ხელახლა მოინდომეს მისი შემოქმედების ხელყოფა, რასაც ღირსეული პასუხი გაეცა. კერძოდ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ფონდის „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი: „პაოლო იაშვილი – ელენე დარიანის დღიურები“. აღნიშნულმა გამოცემამ, კომპეტენტურ ლიტერატორთა და მკვლევართა ღრმა ანალიზის საფუძველზე, საბოლოოდ მოახერხა პაოლო იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია და ერთხელ და სამუდამოდ დადგინდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ისაა ავტორი ლიტერატურული მისტიფიკაციისა – „ელენე დარიანის დღიურები“.
ინფორმაციისათვია: საქართველოს კულტურის სამინისტრომ პაოლო იაშვილის 130 წლის იუბილეს ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარიც უძღვნა, რაც პოეტის მშობლიურ სოფელში არსებული სახლ-მუზეუმის განახლებას უკავშირდება. სამინისტრომ შეიმუშავა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სრულყოფილი სამუზეუმო სივრცე, შესაბამისი ექსპოზიციებითა და ფუნქციური დატვირთვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები