დიდი ირანელი პოეტის, ფირდოუსის, „შაჰნამეს” სრული ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურის სამინისტროს განახლებულ სააქტო დარბაზში „შაჰნამეს” სრული ქართული თარგმანის (9 ტომი) პრეზენტაცია გაიმართა. ცხრატომეული მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამომცემლობა „მერიდიანმა” დაბეჭდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მთარგმნელი ბელა შალვაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში მეჰდი საადათნეჟადი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები, აკადემიური და ლიტერატურული სფეროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„შაჰნამეს” ცხრატომეული, რომლის პირველი ოთხი ტომი დაინტერესებულმა საზოგადოებამ შარშან მიიღო, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა. ეს არის ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ბელა შალვაშვილის, თითქმის 50-წლიანი თავდადებული შრომის ნაყოფი და პირველი სრული და ორიგინალს მიახლოებული თარგმანი.
„შაჰნამე” ანუ „მეფეთა წიგნი” ორმოცდაათამდე მეფის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. იგი ვრცელი ლეგენდარულ-მითოლოგიური და საგმირო-სარაინდო ეპოსია. ტექსტი დაწერილია მესნევის ფორმით (ორსტრიქონიანი წყვილად შერითმული სალექსო ფორმა, გავრცელებული კლასიკურ სპარსულ პოეზიაში), რომლისთვისაც დამახასიათებელია სისადავე და უშუალობა, რასაც ხატოვანება და ემოციური აზროვნება ბუნებრივად ერწყმის.
თანამედროვე ქართულ ენაზე „შაჰნამეს” ცალკეული ნაწილები თარგმნეს ამბაკო ჭელიძემ, მაგალი თოდუამ, ალექსანდრე ელერდაშვილმა.
„შაჰნამე” სხვადასხვა დროს მრავალ ენაზე ითარგმნა, თუმცა სრული ტექსტის თარგმანი, რომელიც ერთმა მთარგმნელმა შეასრულა, მსოფლიოში ერთადერთია. ბელა შალვაშვილმა „შაჰნამეს” თარგმნა თავისი მასწავლებლის, ვახუშტი კოტეტიშვილის, დავალებით 1970 წელს დაიწყო და 2016 წელს დაასრულა. სამწუხაროდ, არაერთი ცდის მიუხედავად, წლების განმავლობაში თარგმანის გამოცემა ვერ ხერხდებოდა. საქართველოს კულტურის სამინისტროს ძალისხმევით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო. 2023 წელს ქართული თარგმანის ოთხი ტომი გამოიცა, 2024 წელს V-IX ტომების გამოცემით კი პროექტი დასრულდა.