მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისის მასშტაბით 18 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება
დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ გზებზე მწვანე ნარგავების მოვლისა და განაშენიანების საშემოდგომო სამუშაოებს იწყებს.
როგორც “კვირას“ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა განუცხადა ამ მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გამხმარი და მავნებელი დაავადებებისგან დაზიანებული ხეებისაგან შესაბამის ტერიტორიებს გაწმენდს.
„აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივანში, 24-25 სექტემბერს, 150-მდე დაავადებული და ხმელი ხე მოიჭრება. მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, 2014 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 18 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება. სამუშაოები პირველ ეტაპზე ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ ქუჩებში დაიწყება“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, თბილისის შემოსასვლელში უკვე მონიშნულია დაახლოებით 450 გამხმარი ხე. მათ ნაცვლად ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში 700 ხე დაირგვება. “მომდევნო ეტაპზე განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტი. ამ ტერიტორიაზე 6 ჯიშის ნერგები დაირგვება, კერძოდ, აკაკი, ჰორიზონტალური კვიპაროსი, პირამიდული კვიპაროსი, ფიჭვი, ელდარი და ჰიმალაის კედარი“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ნარგავების ხმობის გამომწვევ მიზეზად ბიძინა გიორგობიანი ხელოვნური განაშენების დროს აგროტექნიკური პირობების დარღვევას ასახელებს, რამაც, მისი თქმით, დროთა განმავლობაში მცენარეთა გამძლეობის დაქვეითება, საბოლოოდ კი ხმობა განაპირობა. რაც შეეხება მავნებლებით წიწვოვანი ნარგავების დაზიანებას, ბიძინა გიორგობიანის თქმით, ამის მიზეზი ფიჭვნარებში კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესული მდგომარეობაა, როდესაც დასუსტებულ მცენარეებს უქვეითდება რეზისტენტობა სხვადასხვა მავნე დაავადებათა მიმართ.