პროკურატურა: გარკვეული პირები ირაკლი შოთაძის დისკრედიტაციას ცდილობენ

   საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი გვიჩიანის ადვოკატებს განცხადებით პასუხობს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული პირები  მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შოთაძის პიროვნების დისკრედიტაციას ცდილობენ.
„მას შემდეგ, რაც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა და პროკურატურის კანონის შესაბამისად, მთავარი პროკურორის მოვალეობის შესრულება დაევალა ბატონ ირაკლი შოთაძეს, მისი მისამართით სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რითაც გარკვეული პირები ცდილობენ მისი პიროვნების დისკრედიტაციას. ამის მაგალითია გია გვიჩიანის ადვოკატების განცხადებები.
განვმარტავთ, რომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურატურის სტაჟიორად დაინიშნა 2006 წლის აპრილში და აღნიშნულ საქმეში პირველ ინსტანციაში განხილვისას ჩაერთო, როდესაც ამავე წლის აგვისტოს თვეში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამ დროს, ირაკლი შოთაძე იყო გენერალური პროკურატურის სტაჟიორი. მას 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ამავე საქმის სააპელაციო საჩივრის განხილვისას, ამ დროისთვის ის უკვე მუშაობდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პროკურორად. იმაზე მითითება, რომ ირაკლი შოთაძემ რამე დასკვნა დამალა და საქმეში არ ჩადო არის სრული აბსურდი და არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მას წინასწარ გამოძიებასთან არ ჰქონია არანაირი შეხება და საქმეზე არ ახორციელებდა საპროკურორო ზედამხედველობას. ასევე, ის განცხადება, რომ ირაკლი შოთაძე თურმე ახდენს ზეწოლას სააპელაციო სასამართლოზე ასევე სრული აბსურდია.
გვიჩიანის ადვოკატების გულწრფელობის გადასამოწმებლად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ირმა ჭკადუას და მალხაზ ჯაგირაშვილის განცხადებები 2013 წლის 31 დეკემბრამდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სადმე თუ იყო თუნდაც გაკვრით ნახსენები ირაკლი შოთაძე. სამწუხაროდ საქმე გვაქვს კონკრეტული პიროვნების მიმართ მიზანმიმართულ კამპანიასთან, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. მსგავსი სახის აბსურდული განცხადებები არა მარტო კონკრეტულ პიროვნებას, არამედ პროკურატურის ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები