თეა წულუკიანმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სამუზეუმო სფეროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მიწვევით აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო და სამუზეუმო სფეროში სამინისტროს 2021-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდიუმის სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.
სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მეცნიერები და პრეზიდიუმის წევრები, თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და მისი სახლ-მუზეუმების, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სხვა მუზეუმების, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის, ასევე, რეგიონების მუზეუმების საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის განახლებული მეორე კორპუსის ახალ საგამოფენო სივრცეში მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდში დაცული კოლექცია, ნიკო ფიროსმანაშვილის ახალრესტავრირებული პანოები, რომლებიც 60 წელია, არ გამოფენილა მათი მძიმე მდგომარეობის გამო, ასევე, 1900-1930 წლების ქართული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები და ხელოვნების მუზეუმში დაცული დასავლეთევროპული ხელოვნების შედევრები პაოლო ვენეციანოდან ვასილი კანდინსკიმდე.
სხდომაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიის ამსახველ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე, რომელიც 2005 წელს გაუქმებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და მეცნიერებათა აკადემიას გამოფენის კონცეფციის აღდგენაში მონაწილეობა შესთავაზა. ეს კონცეფცია საფუძვლად უნდა დაედოს ესოდენ მნიშვნელოვანი გამოფენის აღდგენის პროცესს 2025 წლიდან.
გარდა ამისა, მინისტრმა აკადემიკოსებს შესთავაზა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ – დათვალიერება. მასშტაბური ექსპოზიცია ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს აცნობს. გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი და ისეთი დიდი კულტურული ინსტიტუციები, როგორიც არის: ლუვრი, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმი, იერუსალიმის მუზეუმი, ვაველის სამეფო სასახლე და ვარშავის ეროვნული მუზეუმი. შეგახსენებთ, რომ გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გრძელდება.
მინისტრმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საგამოფენო დარბაზიც დაათვალიერა, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მომავალში კი აკადემიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა თუ მეცნიერთა მიღწევების ამსახველი ექსპონატები გამოიფინება. დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად, ეროვნული მუზეუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას – ფინანსურად, ხოლო საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი – საგამოფენო დარბაზისა და ექსპოზიციის მომზადებაში დაეხმარება. მოცემულ პროექტს ეროვნული მუზეუმის მხრიდან გენდირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მიერ კრისტის აუქციონზე შეძენილ იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერზე და მადლიერება გამოხატა ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად პალიმფსესტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა და ის ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანული კულტურის საგანძურში (ოქროს ფონდი), როგორც იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელნაწერს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს, ასევე, ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევისათვის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ხელნაწერის კვლევაში ჩართვა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები