დავითულიანი – ოპოზიციაზე: რაც დაიმსახურეს, ზუსტად იმ დოზით არიან თვითმმართველობაში წარმოდგენილი; ეს არც ჩვენთვისაა კარგი, რადგან ვიღაც ჯანსაღ ოპონირებას უნდა ეწეოდეს, მაგრამ რა ვქნათ?!
“რაც მოიგეს და რაც დაიმსახურეს, ზუსტად იმ დოზით არიან თვითმმართველობაში წარმოდგენილი. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. არც ჩვენთვისაა კარგი, რადგან ვიღაც ჯანსაღ ოპონირებას უნდა ეწეოდეს, მაგრამ რა ვქნათ?! მათი დამსახურებაა”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ისიც კარგად იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც წააგეს. ბოიკოტის რეჟიმი რომ წამგებიანი იყო, ეს ჯერ კიდევ 2012 წლამდე, როდესაც ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გავიდა ბოიკოტში, მაშინაც დადასტურდა, რომ ინსტრუმენტულადაც ბოიკოტი წამგებიანია ოპოზიციისთვის და მით უმეტეს, როდესაც ეს ბოიკოტი არის უსამართლო. ეს ბოიკოტი, რაშიც ოპოზიციონერები საპარლამენტო არჩევნების მერე გავიდნენ, იყო უსამართლო, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა, მათ ეს ზუსტად იცოდნენ, უბრალოდ, მათ ჰქონდათ ორკესტრირებული, გარეთ შეთანხმებული სტრატეგია, რომ ქვეყანა უნდა ეტარებინათ რევოლუციური გზით, რადგან არეულ მსოფლიოში დღეს არავის აწყობს საქართველოში აი, ასეთი სტაბილურობა, ასეთი სიმშვიდე და ის, რომ ქვეყანა თვითონ წყვეტს, რა არის მისთვის მისაღები და რა არის მისთვის წითელი ხაზი“, – განაცხადა დავითულიანმა.