საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, დაბადებიდან 135 წელი გავიდა
ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის, თეატრისა და კინოს ცნობილი მხატვრის, ფერმწერის, გრაფიკოსისა და კარიკატურისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, დაბადებიდან 135 წელი შესრულდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ვალერიან სიდამონ-ერისთავის ხსოვნასა და განუზომელ ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ვალერიან სიდამონ-ერისთავის პირადი კოლექცია 2021 წელს შეიძინა პროექტის „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება“ ფარგლებში. კოლექცია საქართველოს ხელოვნების სასახლესა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმებში გადანაწილდა. საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექცია სიდამონ-ერისთავის 110 ნამუშევრით, ხოლო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შესაბამისი ფონდი 406 ნამუშევრით შეივსო.
ვალერიან სიდამონ-ერისთავი 1889 წლის 20 ივნისს ყვარელში დაიბადა. პროფესიული განათლება მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში მიიღო (1909-1915 წწ). საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კახეთში დასახლდა და თელავში ხატვას ასწავლიდა.
ვალერიან სიდამონ-ერისთავის (1889-1943) შემოქმედება შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. ჟღერადი პალიტრითა და კომპოზიციური ოსტატობით გამორჩეულ მხატვარს დიდი წვლილი აქვს შეტანილი სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის: ფერწერის, ქართული კინომხატვრობისა და სცენოგრაფიის განვითარებაში. იგი ქმნიდა თემატურ სურათებსა და პორტრეტებს, წიგნების ილუსტრაციებს. XX საუკუნის 10-იან წლებში, სხვა ქართველი მხატვრების მსგავსად, ვალერიან სიდამონ-ერისთავისთვისაც უმთავრეს ამოცანას ეროვნული ფორმის ძიება წარმოადგენდა. ამ მიზეზით, უკვე 1910-იანი წლების დასაწყისშივე, მან გარკვეული უპირატესობა ისტორიულ თემას მიანიჭა და თავისი შემოქმედებით ქართულ ფერწერაში საფუძველი ისტორიული ჟანრის დამკვიდრებას ჩაუყარა. 1910-1920-იან წლებში მან შექმნა ისტორიული ჟანრის არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები: „თამარ მეფე“, „კრწანისის ბრძოლა“, „ერეკლე II-ის ბრძოლა ლეკებთან“.
1920 წლიდან 1923 წლამდე სიდამონ-ერისთავი ქართული თეატრის ერთადერთი პროფესიონალი მხატვარი იყო. მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, მიხეილ ქორელი, აკაკი ფაღავა, ალექსანდრე წუწუნავა. გაფორმებული აქვს 70-ზე მეტი თეატრალური თუ საოპერო წარმოდგენა და 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის სპექტაკლები – „ბერდო ზმანია”, „ღალატი”, „ავგაროზი”; ფილმები – „პეპო”, „სურამის ციხე”, „ხანუმა”, „ჩემი ბებია”, „კრაზანა”; საოპერო დადგმები – „თქმულება შოთა რუსთაველზე”, „ლოენგრინი”, „ბოშათა ბარონი”, „დაისი”.
1925-1943 წლებში ვალერიან სიდამონ-ერისთავი მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1938 წლიდან კი იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
გარდაიცვალა 1943 წლის 9 ივნისს. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, კერძოდ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმში, კულტურის ისტორიის მუზეუმში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმში, ასევე არაერთ კერძო კოლექციაში.