„ჩემს სულში დარჩა გალაკტიონის ვარდისფერი ატმების, იისფერი თოვლის და დაბინდული ქლიავების ანაბეჭდი – ეს ხომ ჩემი სამშობლოს ფერებია“!

ნათელი ფერები, ოსტატური გადასვლები, სილამაზე და სინარნარე იგრძნობა მისი მხატვრობიდან. ამიტომაც მას ქართველ იმპრესიონისტსაც უწოდებენ. არტისტული ბუნება ბავშვობიდან ჩამოუყალიბდა. მართალია ფილოლოგიის განხრით განაგრძო სწავლა, მაგრამ ხატვა არ მიუტოვებია. ამბობს, რომ ადამიანებამდე მიაქვს ის სიხარული, რასაც განიცდის.  – მანანა ამყოლაძის პერსონა.

–  ქალბატონო მანანა, ბავშვობიდან ცეკვავთ, უკრავთ, ხატავთ…
– ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო… მოსიყვარულე ოჯახი, ბებო და პაპა, მათთან გატარებული ყველა ზაფხული თრიალეთის ქედზე მდებარე ულამაზეს სოფელ თრეხვში. სამყაროს სილამაზის აღქმა აქედან დაიწყო! იქ მიყვებოდნენ მითებს და ლეგენდებს ნატვრის თვალზე, დევის ქვაზე და მომღერალ კლდეზე…
– მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დადიოდით ქართულ ცეკვებზე
– მე ბალეტი უფრო მინდოდა, მაგრამ დედამ გაიმარჯვა.  8 წელი მართლა სასახლეში გავატარე, სარკეებიანი დარბაზი,ზღაპრული ბაღი, გარდერობი, სადაც ნაციონალური სამოსი ინახებოდა. კონცერტები ოპერასა და რუსთაველის თეატრში. კულისებში ვხვდებოდი ულამაზეს ბალერინებს, სუხიშვილებს, მსახიობებს, ოპერის ცნობილ მომღერლებს, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს  ჩემს ცნობიერებაზე.
იყო მუსიკალური სკოლა, სადაც 7 წელი ვეუფლებოდი კლასიკურ მუსიკას ფორტეპიანოს განხრით.
ვსწავლობდი მე-60 სკოლაში. ზეიმებზე ვცეკვავდი, ვმღეროდი, დერეფანში ჩემი ნახატებიც იფინებოდა და ყველა მიცნობდა! პიონერთა სასახლიდან კონცერტებით ჩავდიოდით მოსკოვში, პეტერბურგში. პროგრამაში შედიოდა ცნობილი მუზეუმების დათვალიერება. დღესაც მახსოვს რაც იქ განვიცადე მსოფლიო შედევრების ნახვისას… ერთი სიტყვით,  არაფერს ჩაუვლია უკვალოდ, რამაც ჩამოაყალიბა ჩემი არტისტული ბუნება.
– სკოლის დასრულების შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძეთ სწავლა….
–  სკოლა 1973 წელს დავამთავრე. აკადემიისთვის სათანადო მომზადება არ მქონდა და  სკოლაში მიღებული ციდნით ჩავაბარე ფილოლოგიურზე. ვისწავლე ძველი ქართული დამწერლობა, ფოლკლორი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, ანტიკურიც და უახლესი ლიტერატურაც.
– ერთხანს საპროექტო ინსტიტუტში კორექტორადაც  მუშაობდი.
– ხატვა არ შემიწყვეტია არც სტუდენტობის დროს, არც სამსახურში, სიამოვნებით ვხატავდი პორტრეტებს და ძალიან მოსწონდათ. ჩემი მეგობრების მამები იყვნენ სახალხო მხატვრები – ზელიმხან გოგოლაშვილი და გივი კელენჯერიძე. აი, მათ სახლებში ნანახი ტილოებით მივხვდი, რომ ხატვის გარდა არაფერი მაინტერესებდა.
6 თვით მივებარე გრაფიკოს მხატვარს, ზურაბ ჩხაიძეს, ვხატავდი ნატურმორტებს, თაბაშირის ფიგურებს, დეტალებს. ვკითხულობდი სპეციალურ წიგნებს ფერთა შეხამებაზე და ცნობილი მხატვრების შემოქმედებაზე.

ამის შემდეგ დამოუკიდებლად გავაგრძელე ხატვა, დავინტერესდი იმპრესიონისტებით, ვაკეთებდი ასლებს, რომლებიც კარგად გამომდიოდა, სიღრმისეულად ვუკვირდებოდი, როგორ იქმნებოდა ნათელი და სიმსუბუქე. ვფიქრობ, რომ  ეს გენიოსი მხატვრები გახდნენ ჩემი მასწავლებლები ფერწერაში. ძლივს გამოვედი მათი გავლენიდან და გამოჩნდა ჩემი ფერები და ხელწერაც. მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ შემამჩნია და კავშირის წევრიც გავხდი პერსონალურ გამოფენაზე.
– მეუღლე მუსიკოსია, შვილიც უკრავს კლასიკურ მუსიკას…ხელოვნების სიყვარული გაერთიანებთ…
– შემხვდა მუსიკოსი მეუღლე და ერთად ავმღერდით. მას თავისი სტილი აქვს, ამიტომაც ჯერ რადიო „ნაცნობში“ ჩაგვიწერეს, ბევრი ფანი გამოგვიჩნდა, მერე კი კლუბ „ნაცნობში“ აგვიყვანეს სამუშაოდ.
უბედნიერესი წლები იყო. მოდიოდნენ ცნობილი მომღერლები, ერთადაც ვმღეროდით. მსმენელების რეაქციით მივხვდი, რომ ჩემი ნამღერი სიხარულს ანიჭებს ადამიანებს ისევე, როგორც ნახატები, ანუ ეს ყველაფერი ჩემშია, სამყაროსადმი უზომო სიყვარული და სიხარულის განცდა – გადმოდის ნახატებშიც და ნამღერში იგრძნობა.
გოგონა კლასიკურ მუსიკას უკრავს და ბედნიერებას მანიჭებს. მე კი დღეში 12 საათს ვხატავ.
– ხშირად მონაწილეობთ ჯგუფურ გამოფენებში… ოჯახი მუდამ მხარში გიდგათ…
– პანდემიის დროს ინტერნეტში გამოჩნდა ჯგუფი „მუზეუმი სახლიდან“. დავდე ჩემი ნამუშევრები და უცებ წამოვიდა ბევრი სითბო, შექება, ყველაფერი გაიყიდა, რაც მანამდე შემიქმნია, ბევრი უცხოეთში კერძო კოლექციებში  მოხვდა. რამდენიმე ამერიკაშიც გავგზავნე გამოფენაზე  და იქვე დარჩნენ.
ამან დიდი სტიმული მომცა. ახლა სიცილიაზე, ქ. ნოტოში გამართულ გამოფენაში ვმონაწილეობ ქართველ მხატვრებთან ერთად. ჯერ არ ვიცი შედეგი.
თბილისში წელიწადში რამდენჯერმე ვმონაწილეობ სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. ბევრს ვმუშაობ, უკვე ასაკში ვარ და ვერც ვასწრებ ჩემი ნაფიქრალის ტილოებზე გადმოტანას.
ვერ ვწყდები ამ პროცესს და ამ დროს ჩემი ელენე მიკრავს ფორტეპიანოზე კლასიკას, ძირითადად, შოპენს, რადგან იცის, რომ ძალიან მიყვარს და სტიმულს მაძლევს. ასევე მანებივრებს მეუღლე თავისი იმპროვიზაციებით ფორტეპიანოზე, ასრულებს საუკეთესო მელოდიებს, ხანდახან ვერ ვითმენ, მეც ავმღერდები ხოლმე და ვამბობ – როცა მთავრდება ფერები, მაშინ მჭირდება ბგერები! და მერე ყველაფერი ჰარმონიაში მოდის – ავსებენ ერთმანეთს!
– „კარმენი“ იმდენად ცოცხალი და ფერადოვანია, თითქოს მუსიკაც ისმის…
– კარმენი შექმნა პროსპერ მერიმემ, მერე გადაიღეს ფილმი, დაიდგა ოპერა, ბალეტი… კარმენის არიას საუკეთესო ვარსკვლავები ასრულებდნენ, ჩემშიც ცხოვრობდა ეს თავისუფლების მოყვარე ლამაზი ბოშა ქალი და ბოლოს ტილოზე ვცადე მისი გადმოტანა იმ ხასიათით, როგორიც მე წარმომედგინა. მგონი, ყველა ჩემი ოცნება ახდა, დიდი გზა გამოვიარე, არ ვიჩქარე, გზადაგზა ვწერდი ჩემს ემოციებზე, ჩანახატებს ვაკეთებდი, ზღაპრებიც კი დავწერე და ოდესმე გამოვაქვეყნებ.
–  ხატვის დროს მუსიკას უსმენთ და მღერით…
– მადლობა ჩემს მშობლებს, რომ ბავშვობიდან გამიხსნეს – გზა მშვენიერებაში! 6 წლიდან ვიდექი სცენაზე, შევისუნთქე სცენის მტვერი, თრთოლვა კულისებში, მაყურებლის ოვაცია და ტაში. აი ამის შედეგია ცეკვა და სიმღერა ჩემს ტილოებზე, როცა ქართულ ცეკვებს ვხატავ, მესმის დოლ-გარმონის ხმა, ბოშების ცეკვისას მათი სიმღერა მესმის, ბალეტის ხატვისას ორკესტრი უკრავს კლასიკურ მუსიკას და მგონია, რომ ადამიანებამდე მიმაქვს ის სიხარული, რასაც მე განვიცდი!
ჩემს სულშიც დარჩა გალაკტიონის ვარდისფერი ატმების, იისფერი თოვლის და დაბინდული ქლიავების ანაბეჭდი – ეს ხომ ჩემი სამშობლოს ფერებია!

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები