მეთიუ მილერი ვლადიმერ პუტინის ე.წ. სამშვიდობო გეგმაზე: ეს ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას და ძირითად მორალს
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“ ეხმაურება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერეის განცხადებით, აღნიშნული გეგმა ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას, ძირითად მორალს და ძირითად საღ აზრს.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა.
„კიდევ ერთი მაქსიმალისტური განცხადება, რომელიც უკრაინას მოუწოდებს, დათმოს უფრო მეტი სუვერენული ტერიტორიები, ვიდრე რუსეთს ამჟამად, მოლაპარაკებების დაწყებამდე აქვს ოკუპირებული.
პრეზიდენტმა პუტინმა მოსთხოვა უკრაინას, განიარაღებაზე დათანხმდეს, რათა ის დაუცველი იყოს რუსეთის მომავალი აგრესიისგან. ვერც ერთი პასუხისმგებელი ერი ვერ იტყვის, რომ ეს მშვიდობის გონივრული საფუძველია. ის ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. ის ეწინააღმდეგება ძირითად მორალს. ის ეწინააღმდეგება ძირითად საღ აზრს.
აშკარაა, რომ რუსეთი არ არის მზად რაიმე სერიოზული, კეთილსინდისიერი დისკუსიისთვის. რუსეთის ქმედებები ამას განსაკუთრებით ნათელს ხდის, რადგან ის აგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, ემუქრება გემებს შავ ზღვაში და იძულებით გადააადგილებს ათიათასობით უკრაინელ ბავშვს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წამოაყენა, რომლის თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატოში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას.