ლოიდ ოსტინი: მოვუწოდებთ პუტინს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის სუვერენული ტერიტორიებიდან
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა.
როგორც ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, პუტინი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, რა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად.
„ჩვენ არ გვსურს ასეთი ქმედების ნახვა. ჩვენ არ გვინდა, ვხედავდეთ რომელიღაც ქვეყნის ლიდერს, როგორ სურს საზღვრების გადმოწევა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსია“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ამასთან, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი თუ ისურვებს, დღესვე შეუძლია არაპროვოცირებული ომის შეჩერება, რომელშიც ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა.
ინფორმაციისთვის – დღეს, 14 ივნისს, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინული ჯარები უნდა გაიყვანონ უკრაინის ოთხი რეგიონის მთელი ტერიტორიიდან და კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება.
პუტინი ასევე ითხოვს უკრაინაში რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების „სრულად უზრუნველყოფას“ და რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების გაუქმებას.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ