27 მაისს ნათია თურნავა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიურ ანგარიშს წარუდგენს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 27 მაისის სხდომაზე დეპუტატები საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიურს ანგარიშს მოისმენენ.
426 გვერდიან მოხსენებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარადგენს.
როგორც ანგარიშის შესავალ ნაწილშია აღნიშნული, იგი მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
„2023 წელს ინფლაციური წნეხი აღმოიფხვრა. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მარტის შემდგომ მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალი შენარჩუნდა. 2023 წელს ინფლაციამ საშუალოდ 2.6 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 3.8 პროცენტი შეადგინა. წლის დასაწყისში ინფლაციის კლება საგარეო შოკების გავლენის ეტაპობრივმა მილევამ განაპირობა. წლის მეორე ნახევრიდან კი ინფლაციის შემცირება შიდა ეკონომიკური ფაქტორებით იყო განპირობებული. კერძოდ, დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებს კლებადი ტენდენცია ჰქონდა. ასევე წლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ინფლაციაც. მთლიანობაში, 2023 წელს ინფლაციური წნეხის აღმოფხვრის მთავარი ფაქტორები, როგორც საგარეო გავლენის განეიტრალებამ, ასევე მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციისა და მათ შორის მომსახურების ფასების ნორმალიზება მოგვევლინა.
2023 წელს ინფლაციური ტენდენციების და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. სებ-მა წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11 პროცენტზე შეინარჩუნა. ხოლო მაისიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ეტაპობრივად, მცირე ბიჯებით მიმდინარეობდა. მართალია, ინფლაციამ შემცირება 2023 წლის დასაწყისიდანვე დაიწყო, თუმცა წლის დასაწყისში ამის ძირითადი მიზეზი ეგზოგენური ფაქტორების განეიტრალება იყო, ადგილობრივი ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კი კვლავ ნიშანდობლივი რჩებოდა, რასაც შედარებით მაღალი საბაზო და ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მიუთითებდა. ამავდროულად, ინფლაციური რისკებიც მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, გლობალურად გაურკვევლობა მაღალი იყო, რის გამოც იმპორტირებულ პროდუქტთა გარკვეულ ჯგუფთან მიმართებით ფასების ზრდის რისკები 16 ჯერ კიდევ ნარჩუნდებოდა. საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებო იყო. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ეროვნული ბანკის ფრთხილი მიდგომა და მკაცრი პოზიციიდან მცირე ბიჯებით გამოსვლა. საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებას და მთლიანობაში, ინფლაციის დამატებით შემცირებას შეუწყო ხელი. შედეგად, შედარებით ნელი ტემპით წლის განმალობაში ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების, მომსახურებისა და საბაზო ინფლაციის საზომები მცირდებოდა. 2023 წლის დეკემბერში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, წინა წლის პიკთან შედარებით, 1.5 პროცენტული პუნქტით (პპ-ით) შემცირდა და 9.5 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია ანგარიშში.
კომიტეტის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.