ჰიტლერის საიდუმლო ბუნკერი, რომელშიც ფიურერმა თავი მოიკლა
თავის 56-ე დაბადების დღეზე, 20 აპრილს ჰიტლერმა ბოლოჯერ დატოვა მიწისქვეშა „ფიურერბუნკერი“. რაიხსკანცელარიის დანგრეულ ბაღში მან წითელ არმიასთან მებრძოლი ჰიტლერიუგენდელები დააჯილდოვა. მეორე დღეს, 21 აპრილისთვის, გიორგი ჟუკოვის პირველმა ბელორუსულმა ფრონტმა გაარღვია გენერალ ჰაინრიკის დაცვის ხაზი და ბერლინის მისადგომებთან მივიდა. რთულ სიტუაციაში ჰიტლერი Waffen SS-ის გენერლის, ფელიქს შტაინერის იმედად დარჩა, რომელსაც შეტევა ჩრდილოეთ ფლანგიდან უნდა დაეწყო.
22 აპრილის სამხედრო კონფერენციაზე ჰიტლერმა შტაინერის შეტევაზე იკითხა. მას შეატყობინეს, რომ შეტევა არ დაწყებულა და ბერლინში წითელი არმია შევიდა. ფიურერის ბრძანებით, ვილჰელმ კეიტელის, ალფრედ იოდლის, ჰანს ქრებსისა და ვილჰელმ ბურგდორფის გარდა, ოთახი ყველამ დატოვა. დარჩენილებს ჰიტლერი მისი გენერლების ორგულობასა და არაკომპეტენტურობაზე ესაუბრა, რის შემდეგაც პირველად განაცხადა, რომ „ყველაფერი დაკარგული იყო“. მან ასევე თქვა, რომ ყველაფრის დასრულებამდე იგი ბერლინში დარჩებოდა, ხოლო შემდეგ კი თავს მოიკლავდა.
23 აპრილისთვის წითელმა არმიამ ალყა შემოარტყა ბერლინს, გებელსმა კი გამოსცა ბრძანება, რომლითაც მოქალაქეებს ქალაქის დაცვა „დააძალა“. იმავე დღეს ბერშტესგადენიდან გერიგნმა გააგზავნა ტელეგრამა, რომელშიც წერდა, რომ ჰიტლერის იზოლაციის გამო, იგი იძულებული იყო, ხელისუფლება გადაებარებინა. მან, ასევე, დაასახელა ბოლო თარიღი, რომლის შემდეგაც ჰიტლერს უმოქმედოდ ჩათვლიდა. ჰიტლერმა ამას გერინგის დაპატიმრების ბრძანებით უპასუხა, ხოლო 29 აპრილს დაწერილ პოლიტიკურ ანდერძში მან გერინგს ყველა თანამდებობა ჩამოართვა. 28 აპრილს ჰიტლერმა აღმოაჩინა, რომ ჰაინრიხ ჰიმლერი, რომელმაც ბერლინი 20 აპრილს დატოვა, მოკავშირეებთან მოლაპარაკებას ცდილობდა. საპასუხოდ, მან მისი დაპატიმრების ორდერიც გასცა, ხოლო „ფიურერბუნკერში“ ჰიმლერის წარმომადგენელი ჰერმან ფეგელეინი დახვრიტა.
29 აპრილს, ფიურერბუნკერში გამართულ სამოქალაქო ცერემონიაზე ჰიტლერი ევა ბრაუნზე დაქორწინდა. საქორწინო საუზმის შემდეგ ფიურერმა მდივანს თავისი პოლიტიკური ანდერძი უკარნახა. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს და ღონისძიებას დაესწრნენ ქრებსი, გებელსი, ბურგდორფი და ბორმანი. იმავე დღის შუადღისას ჰიტლერს აცნობეს მუსოლინის სასტიკ სიკვდილზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მასში ტყვეობის თავიდან აცილების სურვილი.
1945 წლის 30 აპრილს, როდესაც საბჭოთა ჯარი უკვე რაიხსკანცელარიის მისადგომებთან იყო, ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს.
ბერლინში სისხლიანი ბრძოლების დასრულების შემდეგ, LIFE-ს ფოტოგრაფი უილიამ ვანდივერტი დანგრეულ ქალაქში ჩავიდა და მისი ქუჩები გადაიღო, ასევე, გადაიღო ჰიტლერის საიდუმლო ბუნკერი, რომელშიც ფიურერმა თავი მოიკლა.