18 აპრილი დიდი ქართველი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის დაბადების დღეა

18 აპრილი დიდი ქართველი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის დაბადების დღეა (1879-1962). ეროვნული ბიბლიოთეკა საკუთარ ფონდებში დაცულ ფოტოს აქვეყნებს.
დაიბადა  ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში,  დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1904 წელს.
1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში.
კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს.
დიდია მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1926-1930წწ. სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო.
1921-1930წწ. ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949წწ. განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.
1948-1954წწ.  გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კ. კეკელიძის საერთო რედაქციით.
განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კ.
კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები