მედია: ჩინეთმა წყნარ ოკეანეში რაკეტა გაუშვა – რეგიონში შეშფოთება იზრდება
ჩინეთმა წყნარ ოკეანეში ბირთვული წყალქვეშა ნავიდან სტრატეგიული რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა, რამაც იაპონიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის შეშფოთება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, რაკეტა სასწავლო (იმიტირებული) ქობინით საერთაშორისო წყლების მიმართულებით გაუშვეს და ის წინასწარ განსაზღვრულ ზონაში დაეცა.
პეკინი აცხადებს, რომ გამოცდა ყოველწლიური სამხედრო წვრთნების ნაწილია, შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და რომელიმე ქვეყნის ან კონკრეტული სამიზნის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, ავსტრალიამ, იაპონიამ და ახალმა ზელანდიამ გამოცდის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად წინასწარი შეტყობინებისა, მსგავსი ნაბიჯი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს. იაპონიამ და ახალმა ზელანდიამ კი ჩინეთის მზარდი სამხედრო აქტივობისა და გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო შეშფოთება გამოხატეს.