მარჯანიშვილის თეატრში ნოდარ მგალობლიშვილის ბიოგრაფიულ ფოტოალბომს წარადგენენ
11 ივლისს, 17:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში ნოდარ მგალობლიშვილის ბიოგრაფიული ფოტოალბომის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოტოალბომი ეძღვნება მსახიობის დაბადებიდან 95 წელს.
„ნოდარ მგალობლიშვილმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. მისი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობა, ინტელექტი, შინაგანი კულტურა და პროფესიული ეთიკა დღემდე რჩება მრავალი თაობის მსახიობისა და მაყურებლისთვის სამაგალითოდ.
მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიზნით გამოიცა ნოდარ მგალობლიშვილისადმი მიძღვნილი პირველი ბიოგრაფიული ფოტოალბომი, რომლის პრეზენტაციაც მსახიობის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება.
გეპატიჟებით, ერთად გავიხსენოთ დიდი მსახიობი, მისი ცხოვრება, შემოქმედება და ის ფასეულობები, რომლებიც მან ქართულ კულტურას დაუტოვა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტოალბომი გამოიცა „შემოქმედებითი საქართველოსა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით.