პაპუაშვილი – სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: აღვნიშნეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის ფარგლებში, სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შევხვდი”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი წერს

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა ბელგრადში მიმდინარე კონფერენციის მნიშვნელობას.

“აღვნიშნეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და სერბეთს შორის მზარდ ურთიერთობებზე. ყურადღება გავამახვილეთ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ნაყოფიერ საპრეზიდენტო ვიზიტებზე.

სერბულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე და დავადასტურე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა.

ვისაუბრეთ საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის.

შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე არსებული გამოწვევები. ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი უკვე რამდენიმე წელია ელოდება ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პროცესში წინსვლას, რაც რამდენიმე ქვეყნის წინააღმდგეგობის გამო ფერხდება. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ავითარებს ეკონომიკას, ახორციელებს რეფორმებს და მტკიცედ იცავს სუვერენიტეტს”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები