კონკურსი „წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომის“ გამოსავლენად

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პრემიის- „წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი“ – ლაურეატის გამოსავლენად ატარებს კონკურსს, რომლის მიზანია: ქართული სამუსიკათმცოდნეო აზრის განვითარება და სტიმულირება, მისი აქტივიზება და საუკეთესო კვლევითი და კრიტიკულ-პუბლიცისტური ნაშრომების გამოვლენა. უპირატესობა მიენიჭება თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნებისადმი მიძღვნილ ნაშრომებს. კონკურსის ამოცანაა: სამუსიკათმცოდნეო დარგის ყველა სფეროს განვითარება, მისი დონის ამაღლება, მისი სოციალური მნიშვნელობის გაფართოება და საზოგადოებისთვის ამ სფეროს მიმართ ყურადღების გაზრდა. თანამედროვე ქართული მუსიკისმცოდნეობის, როგორც დარგის საუკეთესო ნიმუშების გამოვლენა და მათი პოპულარიზაცია; მუსიკისმცოდნეების ნამუშევრების შეფასება და საუკეთესო ნაშრომების ფართო ასპარეზზე გატანა. საზოგადოებაში მუსიკის შესახებ პროფესიულ დონეზე მიწოდებული აზრის კულტივირება, ახალგაზრდა თაობაში მისდამი ინტერესის გაღვივება; ნიჭიერ მკვლევართა და კრიტიკოს-პუბლიცისტთა მიღწევების საჯარო აღიარება. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პროფესიონალ მუსიკისმცოდნეს. კონკურსი ტარდება ორ ტურად: I – საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში, II – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. I ტურზე შეირჩევა სამი ნაშრომი და წარედგინება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთი გამარჯვებულის გამოსავლენად. კონკურსზე წარმოდგენილ უნდა იყოს 2014 წელს (პერიოდიკაში, შრომათა კრებულში და ა. შ.) გამოქვეყნებული, როგორც კრიტიკულ-პუბლიცისტური, ისე სამეცნიერო (წიგნი, სტატია, ნარკვევი, რეცენზია, ესსე და ა.შ.) ნაშრომი ქართული მუსიკის შესახებ. უპირატესობა მიენიჭება თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნებისადმი მიძღვნილ ნაშრომებს. საკონკურსო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად. კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი იქნებიან ცნობილი ქართველი მოღვაწეები – კომპოზიტორები, შემსრულებლები, მუსიკისმცოდნეები. პრემია განისაზღვრება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საკონკურსო ნაწარმოებების საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 28 ნოემბერია, ხოლო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (შერჩეული სამი ნაწარმოების) – 2014 წლის 2 დეკემბერი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამარჯვებულ ნაწარმოებს 15 დეკემბრამდე გამოავლენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები