თავდაცვის აკადემიის იუნკერები ეროვნული არქივის საქმიანობას გაეცნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებს უმასპინძლა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ მიმდინარე გამოფენა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე”. დამთვალიერებლებს ექსპონატები სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა, ისტორიკოსმა ლევან ჯიქიამ წარუდგინა.
საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელმძღვანელმა მანანა ჭუმბურიძემ იუნკერებს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი დოკუმენტები – ქართველ მეფეთა სიგელები და ხელნაწერები გააცნო. სწორედ ეროვნული არქივი ინახავს ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ საბუთს – მეფე დავით IV-ის ანდერძს შიომღვიმის მონასტრისადმი – რომლის შესახებაც გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ნაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისა” (2025 წელი, ავტორი ქეთევან ასათიანი) სტუმრებმა ეროვნული არქივის კინოთეატრში იხილეს.
საქართველოს ეროვნული არქივი მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და სტუდენტებს აცნობს ეროვნულ არქივში დაცულ მრავალფეროვან საარქივო მასალას.