ირაკლი კუპრაძე: არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არანაირი შეწყალების მიმართვა არ იქნება
არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არანაირი შეწყალების მიმართვა არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის უბადრუკი მცდელობა ბიძინა ივანიშვილის შიშების დემონსტრირებაა, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა – იბრძოლოს ყველა ველზე.
„ჩვენ მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა, დავეკონტაქტოთ პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, მე, როგორც „ლელოს“ გენერალური მდივანი, ვიცი რა, რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების. მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის ასი პროცენტით მათი პოზიცია ვაცხადებ – არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით. თავის მხრივ, ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა – ვიბრძოლოთ ყველა ველზე. შესაბამისად კიდევ ერთხელ, მივმართავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ავუსრულოთ ივანიშვილს თავისი რუსული კოშმარი. ვთხოვთ ზურაბიშვილს, კიდევ ერთხელ, ვცადოთ ერთიანობა და ავუსრულოთ მთავარი შიში ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს – ივანიშვილს ეშინია ერთობის და ეშინია საერთო ბრძოლის“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სთავაზობს ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართონ განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტურონ სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის თქმით, დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე.