კულტურის სამინისტრომ კონკურსის – ,,თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“ – ათი გამარჯვებული პროექტი გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები. ესენია:
1. „ფოლკლორული ანსამბლისთვის „ჰანგები“ საკრავების შეძენა“. განმახორციელებელი ეთერ დარჩიძე. დაფინანსდა ანსამბლ „ჰანგებისთვის“ 15 ცალი სხვადასხვა დასახელების ხალხური საკრავის (სამი ჭიბონი, რვა ხალხური ფანდური, ორი ჩონგური, ერთი დოლი, ერთი სალამური) შეძენა.
2. „გვემღერებოდეს“. განმახორციელებელი ი. მ. გიორგი ჩხაიძე. პროექტის ფარგლებში ლოტბარი გიორგი ჩხაიძე მეუღლესთან ერთად ჩაატარებს ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილებს გურიის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვებისათვის.
3. „ხალხური საკრავები ანსამბლ დიაოხისთვის“. განმახორციელებელი პაატა ალთუნაშვილი. დაფინანსდა ანსამბლ „დიაოხისთვის“ ექვსი დასახელების ხალხური საკრავის (ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, დოლი, ჭიბონი, სალამური) შეძენა.
4. „ჩემი საქართველო აქ არის (ანსამბლი „ბინული“ გურიის ეთნოფორებთან)“. განმახორციელებელი პაატა მელაძე. პროექტის ფარგლებში გაიმართება ანსამბლ „ბინულის“ წევრების შეხვედრა და მასტერკლასი გურიაში ეთნოფორებთან, ასევე, ჩატარდება ერთობლივი კონცერტი ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებთან.
5. „ანსამბლ „სახიობის“ სოლო კონცერტი“. განმახორციელებელი ა(ა)იპ ფოლკლორული ანსამბლი „სახიობა“. ჩატარდება ანსამბლის სოლო კონცერტი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
6. „ანსამბლ „სათანაოს“ საიუბილეო კონცერტი“. განმახორციელებელი ა(ა)იპ ანსამბლი „სათანაო“. დაფინანსდა ანსამბლის 20-წლიანი შემოქმედებითი საქმიანობის შემაჯამებელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
7. „ახალი „ბანას“ გუნდის აუდიოალბომის ჩაწერა და პრეზენტაცია-კონცერტი“. განმახორციელებელი ა(ა)იპ ანსამბლი „ბანა“. პროექტი ითვალისწინებს ანსამბლის აუდიოალბომის ჩაწერასა და პრეზენტაციას ქ. ხაშურის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში.
8. „ვოკალურ ანსამბლ „შავლეგოს“ საკონცერტო ტურნე აჭარის რეგიონში“. განმახორციელებელი ჯემალ ადამაშვილი. გაიმართება ანსამბლის კონცერტები აჭარის სამ რაიონში (ხულო, შუახევი და ქედა).
9. „აღდგენილი ქართლური სიმღერების კონცერტი“. განმახორციელებელი ა(ა)იპ „სალხინო 2028“. პროექტის ფარგლებში ანსამბლი გამართავს ხუთ კონცერტსა და მასტერკლასებს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში (ნიქოზი, მერეთი, მეჯვრისხევი, ერგნეთი, შინდისი).
10. „ფოლკლორულ ანსამბლ „ბამის“ ხელშეწყობა“. განმახორციელებელი თამარ კევლიშვილი. პროექტის ფარგლებში შეიძენენ ხალხურ საკრავებს (ჩანგი, დიპლიპიტო) და კომპიუტერულ ტექნიკას.
„კონკურსის ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი. სამინისტროს მიმართა 15-მა განმცხადებელმა.
ინფორმაციისთვის: კონკურსის მიზანია თვითმოქმედი ფოლკლორული (ვოკალური ან/და ქორეოგრაფიული) ანსამბლების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა; თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაცია; თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
აღნიშნული კონკურსი 2021 წლიდან ცხადდება. 2021 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი იყო 80 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროს მიმართა 28 განმცხადებელმა. დაფინანსდა ცხრა პროექტი.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი გაიზარდა და გახდა 100 000 ლარი. 17 საკონკურსო პროექტიდან დაფინანსდა ცხრა პროექტი.
კონკურსისთვის 2023 წელსაც 100 000 ლარი გამოიყო და შემოსული 27 განაცხადიდან დაფინანსდა ცხრა პროექტი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.