ოთარ ჩრდილელი ოპოზიციას: თქვენ მიზანმიმართულად, ადამიანური რესურსით, ფინანსური რესურსით ამხნევებდით ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობას თანხმობა უნდა გამოუცხადონ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა ოპოზიციას მიმართა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულა.
„მივმართავ საკრებულოს ოპოზიციას, თქვენ ძალიან გიკვირთ რატომ აღმოჩნდით იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი. არ უნდა გიკვირდეთ, რადგან 4 წლის წინ ვინ იყო დედაქალაქის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ნიკანორ მელია, ვინ იყო ვიცე-მერობის კანდიდატი, მამუკა ხაზარაძე, არ უნდა გიკვირდეთ ამის შემდეგ თქვენს მიმართ არსებული პრეტენზიები. თქვენ მიზანმიმართულად, ადამიანური რესურსით, ფინანსური რესურსით ამხნევებდით ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს. თქვენ გამოიპარეთ უკანა კარიდან თებერვალში, როდესაც მიხვდით, რომ ჩაიშალა ეს ყველაფერი და შემდეგ ცალკე შეეკარით გახარიას. ჩვენ ამას ვხედავთ და ჩვენთან ერთად ხედავს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.
