ესპანეთში „ოქროს ვიზები“ გაუქმდება
ესპანეთის მთავრობა გააუქმებს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში უცხოელებს ბინადრობის უფლებას ანიჭებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
“პროგრამის შეწყვეტა საცხოვრებელზე წვდომას აქცევს უფლებად და არა სპეკულაციურ ბიზნესად”, – განაცხადა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა.
„ოქროს ვიზის“ პროგრამით ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე იპოთეკის გარეშე, სულ მცირე 500 000 ევროს ($541,250) უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, სამი წლის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იღებს.
”დღეს ყოველი 100 ასეთი ვიზიდან 94 უძრავი ქონების ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. დიდ ქალაქებში, სადაც ბაზარი ძალიან დატვირთულია, თითქმის შეუძლებელია ღირსეული საცხოვრებლის პოვნა მათთვის, ვინც უკვე ცხოვრობს, მუშაობს და იხდის გადასახადებს იქ”, – განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით 5000-მდე ასეთი ნებართვა გაიცა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2023 წლის ანგარიშით, „ოქროს ვიზის“ პროგრამით მოსარგებლეთა სიაში პირველ ადგილზე ჩინელი ინვესტორები არიან, მეორეზე კი – რუსები, რომლებმაც ესპანეთში 3,4 მლრდ ევროს უძრავი ქონება შეიძინეს.