აშშ-ში, მზის სრულ დაბნელებამდე, 358 წყვილის მასობრივი ქორწილი გაიმართება
აშშ-ში, არკანზასში 358 წყვილი მასობრივი ქორწილის ცერემონიისთვის ემზადება, რომელიც მზის სრული დაბნელების მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე უნდა გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეშლი სმიტი და გარი ნებელი 15 წელია ერთად არიან და ქორწინებას ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდნენ, თუმცა მათი გეგმები სმიტის დედის გარდაცვალების გამო გადაიდო. ახლა ისინი, მზის სრული დაბნელების ფონზე იქორწინებენ.
„ეს საკითხი დიდხანს იყო გადადებული დედაჩემის გარდაცვალების გამო. ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი და ახლა მგონია, რომ მზის დაბნელება დედაჩემის ნიშანია, რათა მაცნობოს, რომ დრო მოვიდა. მზად ვარ“, – თქვა სმიტმა.
როგორც CNN-ი წერს, სმიტი და ნებელი არიან ერთ-ერთი წყვილი იმ 358-დან, რომლებიც მზის იშვიათი დაბნელების ფონზე ქორწინებისთვის ემზადებიან.
სმიტმა თქვა, რომ ყველაზე მეტად „დიახს“ ელოდება, ხოლო ნებელმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად სიბნელის მომენტს ელის.