5 სერიული მკვლელი საბჭოთა კავშირიდან

საბჭოთა კავშირში მცხოვრები ცნობილი სერიული მკვლელების შესახებ – მაგალითად, ისეთის, როგორიც ანდრეი ჩიკატილოა – ყველამ იცის, მაგრამ არსებობენ ისეთი მკვლელებიც, რომელთაც მსგავსი „აღიარება“ არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ სისასტიკითა და ბოროტებით ისინი არავის „ჩამოუვარდებოდნენ“.

სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირში ასეთი ადამიანები მრავლად იყვნენ და თითოეული მათგანს ცალკე ისტორია აქვს, თუმცა დღეს გვინდა, 5 მათგანზე მოკლედ მოგიყვეთ.

ბორის სერებრიაკოვი

ბორის სერებრიაკოვმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა 9 მკვლელობა. ის დაიბადა 1941 წლის 18 აგვისტოს, ქალაქ მალგობეკში. ბავშვობიდან ახასიათებდა მისწრაფება დანაშაულებრივი ქმედებებისადმი, გამოირჩეოდა აგრესიული ხასიათით და ალკოჰოლისადმი სიყვარულით. არაერთხელ მოსვლია ჩხუბი კოლეგებთან, ნათესავებთან, რისთვისაც რამდენიმეჯერ იყო დაკავებული სამართალდამცველების მიერ. სერებრიაკოვი მილიციის მხედველობის არეში მოხვედრილა, ასევე, სხეულზე მიყენებული დაზიანებების, გაუპატიურების, ქურდობისა და ცეცხლის წაკიდების ბრალდებით, თუმცა მას ეს დანაშაულები ვერ დაუმტკიცეს.

1967 წელს სადგურზე ცდილობდა, გაეუპატიურებინა დისპეტჩერი, თუმცა უშედეგოდ. პირველი მკვლელობა ჩაიდინა 1969 წლის აპრილში. მოახერხა და შევიდა საცხოვრებელ ბინაში, სადაც მოკლა მამაკაცი, მისი მეუღლე და 5 წლის შვილი. გააუპატიურა გარდაცვლილი ქალი, ბინიდან წამოიღო ფული და ცეცხლი წაუკიდა სახლს. რიგით მეორე დანაშაული ჩაიდინა 1 წლის შემდეგ.

1970 წლის აპრილში შევიდა საცხოვრებელ ბინაში, სცემა ორი ქალი, თუმცა დაზარალებულები გადარჩნენ. მაისში მოკლა ორი ქალი. 1970 წლის ივნისში მან კვლავ ამოწყვიტა მთელი ოჯახი, მოკლა მამაკაცი, ქალი და მათი ორი შვილი.

ბორის სერებრიაკოვი დააკავეს 1970 წლის 8 ივნისს. იმავე წლის 16 სექტემბერს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა.

ვლადიმერ სტოროჟენკო

ვლადიმერ სტოროჟენკო მოქმედებდა ქალაქ სმოლენსკსა და მის გარეუბნებში 1978-1981 წლებში. საერთო ჯამში, თავდასხმა განახორციელა დაახლოებით 20-ჯერ, მოკლა 13 ადამიანი. მუშაობდა მძღოლად. პირველი მკვლელობა ჩაიდინა ქალაქ სმოლენსკის ისტორიულ ნაწილში, უსპენსკის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს. მოქმედების მოტივი სექსუალური ხასიათის იყო. ის კლავდა და აუპატიურებდა ქალებს. დააპატიმრეს 1981 წელს. მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა.

ვლადიმერის ძმა სერგეი სტოროჟენკო, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე, დააპატიმრეს და მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გენადი მიხასევიჩი

გენადი მიხასევიჩმა 14 წლის განმავლობაში, მოკლა, დაახლოებით, 36 ადამიანი. კლავდა ქალებს, მოქმედების მოტივი აქაც სექსუალური შინაარსის გახლდათ. დანაშაულის ადგილი მოიცავდა ვიტებსკს, პოლოცკის და ბელარუსის რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ადგილს.

ის დაიბადა 1947 წელს, ვიტებსკის ოლქში. ჯარში ჰეპატიტის გამო არ წაუყვანიათ. ბელარუსში, ქარხანაში მუშაობდა. ცხოვრობდა უბრალოდ და ჰყავდა ოჯახი. პირველი მკვლელობა 1971 წლის 14 მაისს ჩაიდინა.

მკვლელობას ხშირად თან სდევდა გაუპატიურება. ის საკუთარი მეთოდით მოქმედებდა; მოძრაობდა წითელი ფერის „ზაზ-968-ით“, გზაზე ეძებდა ქალებს, მიჰყავდა ადამიანებით დაუსახლებელ ადგილებში და ახრჩობდა მათ. მსხვერპლს ძარცვავდა, თან მიჰქონდა ძვირფასეულობა, ფული და აგრეთვე, სხვადასხვა წვრილმანი. მიხასევიჩის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის შეცდომით 14 ადამიანი გაასამართლეს. მისი დაჭერა მხოლოდ 1985 წლის 9 დეკემბერს მოხერხდა. სასამართლომ მკვლელს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.

ბორის გუსაკოვი

ბორის გუსაკოვმა 1963-1968 წლებში განახორციელა 15 თავდასხმა გოგონებზე, რომელთაგან 5 მკვლელობით დამთავრდა. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით.

დაიბადა 1938 წელს. ბავშვობიდან განიცდიდა სხვადასხვა სახის ფსიქიკურ დაავადებებს. ავადმყოფობის ერთ-ერთი მიზეზთაგანი გახდა ის, რომ გუსაკოვი ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ოჯახში იზრდებოდა. 1955 წელს მან სკოლა დაამთავრა. უმაღლესი განათლება არ მიუღია. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. სამუშაოდ სწორედ ფოტოგრაფად მოეწყო ბავშვთა თავშესაფარში. 1958 წელს დაქორწინდა, თუმცა მოგვიანებით საკუთარ ცოლს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.

1963 წლის დეკემბრის ბოლოს 25 წლის გუსაკოვმა თავისი პირველი თავდასხმა განახორციელა, თუმცა ინციდენტი მკვლელობით ვერ დაასრულა. თავის პირველი მკვლელობა მან 1964 წლის 21 ივნისს ჩაიდინა. მსხვერპლი 11 წლის სკოლის მოსწავლე გახდა. გუსაკოვი თავს დაესხა მას, გააუპატიურა და შემდეგ მოკლა. მკვლელმა მსხვერპლს ბლაგვი საგნით  7 დარტყმა მიაყენა. 1965 წლის 4 სექტემბერს მოკლა თავისი მეორე მსხვერპლი. მკვლელობას ისევ გაუპატიურება მოჰყვა. მსხვერპლი ქალი იყო.

1968 წლის 11 მარტს გუსაკოვმა გააუპატიურა და შემდეგ მოკლა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ორი პირველკურსელი. 1968 წლის აპრილში კვლავ თავდასხმა განახორციელა. ამჯერად იგი თავს დაესხა შეყვარებულ წყვილს. თავდასხმისას გუსაკოვმა ბლაგვი საგნით დარტყმა მიაყენა მამაკაცს, ხოლო შემდეგ მოკლა და გააუპატიურა ახალგაზრდა ქალი. თუმცა, მამაკაცი გადარჩა და პოლიციაში მოახერხა თავდამსხმელის აღწერა.

1968 წლის 15 მაისს გუსაკოვმა 17 წლის ორი გოგონა გაიცნო, რომლებიც ქალაქგარეთ, საკუთარ სახლში დაპატიჟა. გუსაკოვი სტუმრებს ჩაითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა, რომელიც მოწამლული აღმოჩნდა. გარკვეული დროის შემდეგ გუსაკოვი მათ თავს დაესხა, თუმცა გოგოებმა შეძლეს თავის დაღწევა. მოგვიანებით დაზარალებულებმა პოლიციელი შენიშნეს, რომელმაც მალევე შეძლო მოძალადის დაკავება. მკვლელი განყოფილებაში წაიყვანეს, დაკითხეს, თითის ანაბეჭდები აუღეს და გაარკვიეს, რომ ბორის გუსაკოვმა 5 წლის განმავლობაში 5 სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა. მანიაკი დახვრიტეს.

სერგეი ტკაჩი

2007 წელს უკრაინის უზენაესი სასამართლო სერგეი ტკაჩს 40 მკვლელობას ედავებოდა, პროკურატურა კიდევ მკვლელობის 60 საქმის გამოძიებას აწარმოებდა.

თავად ტკაჩი ამტკიცებს, რომ 100-მდე ადამიანი მოკლა. 2008 წლის 23 დეკემბერს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. სასამართლომ დაამტკიცა ტკაჩის მიერ ჩადენილი 29 მკვლელობა, რომელიც განხორციელდა გაუპატიურებით ან გარყვნილი სექსუალური მიდრეკილებით.

დაიბადა 1952 წლის 12 სექტემბერს, კისელევსკში. მსახურობდა საბჭოთა ჯარში, იყო ტექნიკოს-გეოდეზისტი. ჯარში ყოფნის შემდეგ სამუშაოდ მილიციაში მოეწყო. აქ რამდენიმე წელს იმუშავა ექსპერტ-კრიმინალისტად. ბევრჯერ შეიცვალა პროფესია, სხვადასხვა დროს მუშაობდა შახტებში, ქარხნებსა და კოლმეურნეობებში. მილიციიდან წამოსვლის შემდეგ მძიმე ათლეტიკით დაკავდა.

სერგეი ტკაჩი სერიულ მკვლელობებს 1980 წლიდან 2005 წლამდე სჩადიოდა. დანაშაულის ადგილი მოიცავდა ყირიმის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის მხარეებს. მან, უმეტესად, 9-დან 17 წლამდე გოგონები იმსხვერპლა. პირველად მკვლელობა ჩაიდინა ქალაქ სიმფეროპოლში 1980 წელს, სადაც მოახერხა, დაახრჩო და გააუპატიურა ახალგაზრდა ქალი, შემდეგ თვითონვე დარეკა პოლიციაში.

უკანასკნელი მსხვერპლი 9 წლის ეკატერინა გახდა. სერგეი ტკაჩს მრავალი წლის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა მისი დაკავება მხოლოდ 2005 წლის ზაფხულში მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები