ომბუდსმენის ანგარიში: მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, საკუთრების უფლების დარღვევა და თითქმის უწყვეტი უკანონო „ბორდერიზაცია”

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

“386 გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს – კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას; საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასა და დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის უშუალო მონაწილეთა დაუსჯელობას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ოკუპაციის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული მოსახლეობის უფლებების დასაცავად.

მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, უკანონო პატიმრობის შემთხვევები, საკუთრების უფლების დარღვევა და თითქმის უწყვეტი უკანონო „ბორდერიზაცია.“ ურთულესია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; საბაზისო სერვისების შესახებ ინფორმაციის არქონა”,- წერია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები